ახალი ამბები

უკრაინული არხი აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მოხსენიებისთვის ბოდიშს იხდის

3 მარტი, 2020 • 1132
უკრაინული არხი აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მოხსენიებისთვის ბოდიშს იხდის

უკრაინულმა ტელეარხმა „1+1“, რომლის ეთერშიც გასულ გადაცემაში აფხაზეთი პოზიციონირებული იყო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, ბოდიში მოიხადა. ინფორმაციას ამის შესახებ გადაცემის ოფიციალური ფეისბუქ-გვერდი ავრცელებს.

„2020 წლის 1 მარტს ტელეარხ „1+1-ის“ ეთერში ვოკალური შოუს „უკრაინის ხმის“ მეშვიდე ეპიზოდის ტრანსლაციის დროს მონაწილე ანჟელა კონსუზიანზე სიუჟეტის ტიტრებში მითითებული იყო რეგიონი „აფხაზეთი“. ინტერვიუს ჩაწერის დროს მონაწილემ წარმოშობის ქვეყნად ზუსტად ეს რეგიონი მიუთითა. ტელეარხი არავითარ შემთხვევაში არ ამართლებს იმ ფაქტს, რომ არაკორექტული ინფორმაცია ეთერში მოხვდა და აბსოლოტურად აღიარებს თავის შეცდომას, რომელიც უყურადღებობის გამო დაიშვა“, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ტელეარხში ამბობენ, პროექტის თანამშრომლებს ამ კონკრეტულ სიტუაციაში არანაირი პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ქვეტექსტი არ ჰქონდა.

„ჩვენ ვხელმძღვანელობთ მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო სამართლის ნორმებით და ჩვენთვის აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია. „უკრაინს ხმის“ გუნდი, ტელეარხ „1+1“-ის და ჯგუფ „1+1 media-ს“ სახელით ბოდიშს იხდის და იტყობინება, რომ თანამშრომლებისადმი, რომლებმაც ამ ინფორმაციის ეთერში მოხვედრა დაუშვეს, მკაცრი დისციპლინარული ზომები იქნება მიღებული“, – აცხადებენ არხში.

გადაცემა, რომელშიც კონკურსანტის წარმოშობის ადგილად აფხაზეთი იყო მითითებული, 1 მარტს გავიდა ეთერში.

მასალების გადაბეჭდვის წესი