ახალი ამბები

“იანდექს ტაქსიმ” აღიარა, რომ კლიენტის მონაცემებს რუსეთის ხელისუფლებას აწვდის

3 მარტი, 2020 • 3459
“იანდექს ტაქსიმ” აღიარა, რომ კლიენტის მონაცემებს რუსეთის ხელისუფლებას აწვდის

ტაქსის სერვისმა “იანდექსმა”, რომელიც საქართველოშიც ოპერირებს, აღიარა რომ მონაცემებს კლიენტების გადაადგილების შესახებ რუსეთის ხელისუფლებას აწვდის. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მედიასაშუალება BAZA-ს ცნობით, ამის შესახებ ცნობილი გახდა ყოფილი პოლიციელის, იგორ ილიახოვცის ჩვენებიდან. ლიახოვცი საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ, “მედუზას” გამომძიებელი ჟურნალისტის, ივან გოლუნოვის საქმის ფალსიფიცირებისა და მისი უკანონოდ დაპატიმრებისთვის დააკავეს.

როგორც ყოფილი პოლიციელის აცხადებს, მან გოლუნოვის საცხოვრებელი ადგილისა და მისი გადაადგილების შესახებ მას შემდეგ გაიგო, რაც ამ ინფორმაციის მიწოდება “იანდექს ტაქსის” მოსთხოვა.

“იანდექს ტაქსიმ” დაადასტურა, რომ ძალოვან უწყებებს ნამდვილად მიაწოდა ინფორმაცია გოლუნოვის გადაადგილების შესახებ და ეს “კანონის შესაბამისად გააკეთა”.

“პრაქტიკიდან ვიცით, რომ მოთხოვილი ინფორმაცია მნიშვნელოვანია დანაშაულის გასახსნელად და ვიღაცის სიცოცხლის გადასარჩენად”, – განამრტავენ კომპანიაში და დასძენენ, რომ როდესაც რუსეთის პოლიცია მათგან ინფორმაციას ითხოვს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, ისინი საქმის მასალებს მათ არ ატყობინებენ.

როგორც რუსული დამოუკიდებელი ტელეარხი “დოჟდი” ადგილობრივ არასამთავორობო ორგანიზაცია “როსკომსვაბოდაზე” დაყრდნობით, იტყობინება, “იანდექს ტაქსი” არ შედის იმ ტიპის ორგანიზაციათა შორის, რომლებსაც რუსეთის ხელისუფლებისთვის პერსონალური ინფორმაციის მიწოდება ევალებათ. თუმცა, “იანდექს ტაქსი” ირწმუნება, რომ მათ ამათ ავალდებულებს რუსეთის კანონი “ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოების შესახებ”.

რუსეთისა და საქართველოს გარდა, “იანდექს ტაქსი” არაერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ოპერირებს.

რაც შეეხება ივან გოლუნოვს, ის არის რუსეთის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი გამომძიებელი ჟურნალისტი, რომელიც პოლიციელებმა რამდენიმე თვის წინ დააკავეს, თუმცა საერთაშორისო და შიდა საზოგადოებრივი ზეწოლის შემდეგ გაათავისუფლეს, მისი საქმის ფალსიფიცირებისთის კი რამდენიმე პოლიციელი სამსახურიდან გაუშვეს.

რუსეთში გოლუნოვის სამართლებრივი დევნა შეწყდა

მასალების გადაბეჭდვის წესი