ახალი ამბები

მარგველაშვილი: შეწყალების ნაწილში არ უნდა იყოს აქცენტი, თუ ვინ ვისი ძმაა

1 აგვისტო, 2015 •
მარგველაშვილი: შეწყალების ნაწილში არ უნდა იყოს აქცენტი, თუ ვინ ვისი ძმაა

“რაც შეეხება შეწყალებას, შეწყალება არის ჰუმანური აქტი. აქტი, რომლითაც სახელმწიფო ეუბნება თავის მოქალაქეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მე შემიძლია მკაცრი ვიყო შენ მიმართ და დაგსაჯო შენ კანონის მიხედვით, ამავე დროს, ჩემო კარგო, ჩემში არის ჰუმანური საწყისი. ეს უფლებბამოსილება გადაცემულია ქვეყანაში ყველაზე უფრო ლეგიტიმურ პოლიტიკური ფიგურას, პრეზიდენტს. პრეზიდენტს არ აქვს უფლება, ეს იქნება დარღვევა ფუნდამენტური კანონების, დემოკრატიის კი არა, რაც სახელმწიფო შეიქმნა და ფუნდამენტური კანონები არსებობდა, ამ კანონების დარღვევა იქნება,  რომ ჰუმანურიბა გამოყენებულ იქნას პარტიული და პოლიტიკური ნიშნით. როდესაც ასეთი კომენტარი კეთდება, მე მაინც ვფიქრობ, ეს გარკვეულწილად ემოციური და ნაჩქარევი განცხადებაა,”– განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

 

ლევან ბობოხიძე საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა – მაჟორიტარების” თავმჯდომარის, აკაკი ბობოხიძის ძმაა. პრეზიდენტის მიერ ბობოხიძის შეწყალებას აღმასრულებელი ხელისუფლებისკრიტიკა მოჰყვა. კერძოდ, პრემიერ–მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მარგველაშვლი არის “ჭეშმარიტი ნაციონალური პრეზიდენტი” და ასევე იმედი გამოთქვა, რომ მარგველაშვილი “სააკაშვილს, ბაჩო ახალაიას, ვანო მერაბიშვილს და სხვებსაც, კეთილ ადამიანებსაც შეიწყალებს ძალიან მალე”.

 

ღარიბაშვილის განცხადებას მალევე უპასუხეს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდანაც. მარგველაშვილის მრჩეველმა, კახა კოჟორიძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტი პატიმრების შეწყალებისას პოლიტიკური ნიშნით არ მოქმედებს. 

 

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი  ლევან ბობოხიძე პროკურატურამ 2014 წლის 28 მარტს დააკავა. პროკურატურა ბობოხიძეს სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვას, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, სამსახურებრივ სიყალბესა და თაღლითობის ორგანიზებას ედავებოდა.

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი