ახალი ამბები

კორონავირუსი: აეროპორტებსა და სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებში საველე კარვები მოეწყობა

1 მარტი, 2020 • 1688
კორონავირუსი: აეროპორტებსა და სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებში საველე კარვები მოეწყობა

კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით,შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს მიეცათ დავალება, საქართველოს მასშტაბით ყველა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტსა და აეროპორტებში დამონტაჟდეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საველე კარვები, სადაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსული მგზავრები სპეციალურ დაწესებულებაში გადაყვანამდე განთავსდებიან.

ამასთან, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უწყებათაშორისმა საბჭომ გასცა რეკომენდაცია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმების შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია უკვე მიეწოდათ ადგილობრივ თვითმმართველობებს.

საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამასთან, აქტიურ ფაზაში გადავიდა საქართველოს მასშტაბით სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სადეზინფექციო სამუშაოები. სასწავლო დაწესებულებები, ისევე, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, სპეციალური ხსნარებით მუშავდება.

საბჭო ასევე მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ მოგზაურობისგან, განსაკუთრებით კი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრულ ქვეყნებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი