ახალი ამბები

სინგაპურის მთავრობის თქმით, თავად ხელფასს არ აიღებენ, ექიმებს კი პრემია ჩაერიცხებათ

29 თებერვალი, 2020 •
სინგაპურის მთავრობის თქმით, თავად ხელფასს არ აიღებენ, ექიმებს კი პრემია ჩაერიცხებათ

სინგაპურის მთავრობის წევრი მინისტრები და პრეზიდენტი ერთი თვის განმავლობაში ხელფასს არ აიღებენ, პარალელურად კი კორონავირუსზე მომუშავე ექიმებს პრემიები დაერიცხებათ.

Bloomberg-ის თანახმად, ოფიციალურმა პირებმა ეს გადაწყვეტილება „კორონავირუსის პირობებში ხარჯების შესამცირებლად“ მიიღეს. სამედიცინო პერსონალის პატივსაცემად კი ხელისუფლება დაზოგილი თანხით მათ პრემიას გადაუხდის, 1 თვის ანაზღაურების ოდენობით.

South China Morning Post წერს, რომ 2012 წლის მონაცემებით, წლის განმავლობაში სინგაპურის მთავრობა ხელფასის სახით დაახლოებით 800 000 აშშ დოლარს იღებს, 2018 წლის მონაცემებით კი პრემიერ მინისტრმა წლის განმავლობაში თითქმის 2-ჯერ მეტი (დაახ. 1.5 მლნ აშშ დოლარი) მიიღო.

ბოლო ინფორმაციით, სინგაპურში კორონავირუსის სულ მცირე 102 შემთხვევაა დაფიქსირებული.

მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსი ლაბორატორიულად 85 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 40 ათასამდე გამოჯანმრთელდა, 3 ათასამდე კი დაიღუპა. შემთხვევები უმრავლესობა ჩინეთშია დაფიქსირებული, სადაც უკვე ერთ კვირაზე მეტია, ახალი შემთხვევების გამოვლენის მაჩვენებელი მცირდება. თუმცა, ახალი ფაქტები სულ უფრო მეტად ფიქსირდება იტალიაში, სამხრეთ კორეასა და ირანში.

29 თებერვლის მონაცემებით, კორონავირუსის 3 შემთხვევაა დაფიქსირებული საქართველოშიც.

გარეკანი ფოტო: სინგაპურში სავაჭრო ცენტრებში მადეზინფექცირებელ ხსნარს ყიდიან. ფოტო: epa

მასალების გადაბეჭდვის წესი