ახალი ამბები

რესპუბლიკური საავადმყოფოში საკარანტინო ზონა მოეწყობა

29 თებერვალი, 2020 •
რესპუბლიკური საავადმყოფოში საკარანტინო ზონა მოეწყობა

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, კლინიკა სხვა პაციენტებისგან მთლიანად გათავისუფლდება და საკარანტინო ზონის შესაქმნელად მოემზადება.

მისივე თქმით, აქ ინფექციური საავადმყოფოდან პაციენტების გადმოყვანა არ იგეგმება. როგორც ლევან გოფოძემ ჟურნალისტებს უთხრა, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ის პაციენტები განთავსდებიან, რომლებიც საქართველოში შემოდიან ან აქ ცხოვრობენ და კორონავირუსის მაღალ რისკ ჯგუფად მიჩნევიან. დირექტორმა ჯერ არ იცის, ზუსტად როდიდან შეძლებენ პაციენტების მიღებას. ნეტგაზეთს კლინიკის პრესსამსახურში უთხრეს, რომ საავადმყოფოდან პაციენტების სრულად გადაყვანა, სავარაუდოდ, დღესვე დასრულდება.

“კლინიკა მოემზადება საკარანტინო ზონის შესაქმნელად, სადაც თავს მოიყრის ყველა ის ადამიანი, რომელიც პერსპექტიულად იქნება დაზიანებული კორონავირუსის მიერ. აქ მათზე დაკვირვება და გამოკვლევა მოხდება ისე, როგორც ამას ეპიდსიტუაცია მოითხოვს. ჯერჯერობით, ეს იქნება საკარანტინო ზონა. ამჯერად 88 პაციენტის მიღება შეგვიძლია. ჩვენი პაციენტები სხვა კლინიკებში გადავლენ, ძირითადად, PSP-ს კლინიკაში გადაგვყვავს, ასევე “ევექსში” და სხვა კლინიკებში,” -აცხადებს ლევან გოფოძე.

მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსი ლაბორატორიულად 85 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 40 ათასამდე გამოჯანმრთელდა, 3 ათასამდე კი დაიღუპა. შემთხვევების უმრავლესობა ჩინეთშია დაფიქსირებული, სადაც უკვე ერთ კვირაზე მეტია, ახალი შემთხვევების გამოვლენის მაჩვენებელი მცირდება. თუმცა, ახალი ფაქტები სულ უფრო მეტად ფიქსირდება იტალიაში, სამხრეთ კორეასა და ირანში.

29 თებერვლის მონაცემებით, კორონავირუსის 3 შემთხვევაა დაფიქსირებული საქართველოშიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი