ახალი ამბები

სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან დაიწყება

29 თებერვალი, 2020 •
სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან დაიწყება

სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება. ეს გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოზე დღეს, 29 თებერვალს მიიღეს.

“სხდომაზე კოორდინირებულ რეჟიმში მიღებულია გადაწყვეტილება, პროფილაქტიკის მიზნით, სკოლებში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდებული დამატებითი სადეზინფექიო სამუშაოების ჩატარების შესახებ. იმისთვის, რომ ყველა სკოლის დეზინფექციისთვის იყოს საკმარისი დრო, სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები, 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება,” – წერია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ადმინისტრაციის ცნობითვე, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, გაძლიერდება სადეზინფექციო სამუშაოები საზოგადოებრივ ტრანსპორტში და საბავშვო ბაღებში.

მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსი ლაბორატორიულად 85 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 40 ათასამდე გამოჯანმრთელდა, 3 ათასამდე კი დაიღუპა. შემთხვევების უმრავლესობა ჩინეთშია დაფიქსირებული, სადაც უკვე ერთ კვირაზე მეტია, ახალი შემთხვევების გამოვლენის მაჩვენებელი მცირდება. თუმცა, ახალი ფაქტები სულ უფრო მეტად ფიქსირდება იტალიაში, სამხრეთ კორეასა და ირანში.

29 თებერვლის მონაცემებით, კორონავირუსის 3 შემთხვევაა დაფიქსირებული საქართველოშიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი