ახალი ამბები

საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევა დაფიქსირდა

29 თებერვალი, 2020 • 3229
საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევა დაფიქსირდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, 29 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევა დაფიქსირდა:

“საქართველოში ლაბორატორიულად იქნა შესწავლილი 93 შემთხვევა და დღეს დილას დაემატა მესამე ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ მოთავსდა და გუშინვე ჩაუტარდა კვლევები. გუშინ გვიან ღამით დამთავრდა ეს კვლევები. შემდეგ კიდევ გადამოწმდა და დადასტურებულია ეს შემთხვევაც.”

მისივე თქმით, პაციენტი საქართველოს მოქალაქეა, რომელმაც ირანში იმოგზაურა და მას ჰქონდა კონტაქტქტი იმ პირთან, რომელსაც კორონავირუსი პირველად დაუდასტურდა.

“ისინი ერთად იყვნენ ირანში. შემდგომ წამოვიდნენ სახმელეთო გზით და საქართველოში აზერბაიჯანის გავლით შემოვიდნენ. აზერბაიჯანში იყო რამდენიმე დღე და გუშინ  შემოვიდა საქართველოში. მას ტემპერატურა საზღვარზე დაუფიქსირდა, რის შემდეგაც გადაიყვანეს ინფექციურ კლინიკაში,” – აცხადებს გამყრელიძე.

29 თებერვლის მდგომარეობით, კორონავირუსი საქართველოში სამ პირს დაუფიქსირდა, საიდანაც ორი აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა, ერთი კი – იტალიიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი