ახალი ამბები

WHO-მ კორონავირუსის რისკები “ძალიან მაღალი” კატეგორიით შეაფასა

28 თებერვალი, 2020 • 2315
WHO-მ კორონავირუსის რისკები “ძალიან მაღალი” კატეგორიით შეაფასა

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) დღეს, 28 თებერვალს განაცხადა, რომ კორონავირუსი COVID-19 სულ უფრო მეტ ქვეყანაში ვრცელდება, რის გამოც შექმნილი რისკის მიანიჭეს “ძალიან მაღალი” კატეგორია. ეს არის ყველაზე მაღალი შეფასება, რაც შეიძლება ვირუსის საფრთხის დროს ამ ორგანიზაციამ გამოიყენოს.

მსოფლიოში ვირუსის გავრცელების სისწრაფის გამო სახელმწიფოებს უფრო მეტი მზადყოფნისკენ მოუწოდაWHO-ს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუს. აღნიშნული ვირუსი უკვე მსოფლიოს 50 ქვეყანაშია დაფიქსირებული. ვირუსის სწრაფად გავრცელებას კი ხელი შეუწყო იტალიასა და ირანში დაფიქსირებულმა ეპიდაფეთქებამ. საქართველოში დაფიქსირებული 2 შემთხვევაც სწორედ ამ ქვეყნიდან ჩამოსულ მოქალაქეებს უკავშირდება.

“ვირუსის გავრცელების გარემო-პირობების გამო ჩვენ ვართ განგაშის ყველაზე მაღალ დონეზე”, – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე WHO-ს გენერალური დირექტორის მოადგილემ მაიკ რაიანმა. როგორც მან აღნიშნა, ამ განგაშის მიზანი არა მოქალაქეთა დაშინება, არამედ გაფრთხილებაა.

“ეს არის რეალობის ჩვენება პლანეტის ყველა მთავრობისთვის: გაიღვიძეთ. მოემზადეთ. ვირუსი შეიძლება გზაშია და თქვენ მზად უნდა დახვდეთ. თქვენ ვალდებული ხართ თქვენი ხალხის წინაშე და თქვენი მოვალეობაა მსოფლიოს წინაშე, რომ მოემზადოთ”, – განაცხადა მაიკ რაიანმა.

WHO-ს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა აღნიშნა, რომ ჩინეთის მაგალითი აჩვენებს, რომ ვირუსის გავრცელების შეჩერება შესაძლებელია ეფექტიანი მოქმედების შემთხვევაში. ამ ქვეყანაში უკვე რამდენიმე დღეა, კორონავირუსის ახალი შემთხვევები მცირდება, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი იზრდება.

28 თებერვლის მონაცემებით, COVID-19-ით მსოფლიოში 84 ათასამდე ადამიანი დაინფიცირდა, საიდანაც უკვე გამოჯანმრთელდა 37 ათასამდე ადამიანი. სპეციალისტების თქმით, შემთხვევების 80% მსუბუქი სიმპტომებით, ან უსიმპტომოდ მიმდინარეობს და სიკვდილაინობის მაჩვენებელი მხოლოდ 2%-ის ფარგლებში მერყეობს, რის გამოც დაუშვებელია ამ ვირუსის “მკვლელი ვირუსის” სახელით მოხსენიება.

მასალების გადაბეჭდვის წესი