ახალი ამბები

კორონავირუსი საქართველოში: როგორ სუფთავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი

28 თებერვალი, 2020 • 3214
კორონავირუსი საქართველოში: როგორ სუფთავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი

კორონავირუსის შემთხვევების საქართველოში დაფიქსირების პარალელურად დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს ჰიგიენური ნორმების დაცვისკენ მოუწოდებს.

ამის ფონზე ნეტგაზეთი შეეცადა გაერკვია, რამდენად არის მზად საზოგადოებრივი ტრანსპორტი რისკების შესამცირებლად და როგორ აუსფთავებენ მატარებლებს, ავტობუსებსა და მირკოავტობუსებს, ასევე მეტროს.

მეტრო და ავტობუსები

თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ამბობენ, რომ ისინი არსებული რეკომენდაციით მოქმედებენ და დამატებითი საჭიროების შემთხვევაში ზომებს გაამკაცრებენ.

ამჟამად კი მეტროს ვაგონები, სადგურები და ავტობუსები ყოველდღიურად ღამის საათებში მხოლოდ სველი წესით იწმინდება. ამათანავე, უწყება ამბობს, რომ ავტობუსების გარე ფასადი ავტოფარეხში სპეციალურად მოწყობილ სარეცხ სივრცეებში იწმინდება.

სამარშრუტო ტაქსები

„თბილისის მიკროავტობუსის“ პრესსამსახური ამბობს, რომ კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად, სანიტარულ ნორმებს გაამკაცრებს. კომპანია ამბობს, რომ დაგეგმილ წმენდებს კვირაში რამდენჯერმე მანქანების დეზინფექციაც დაემატება.

მათივე თქმით, ეს არასამუშაო საათებში მოხდება იმისთვის, რომ მგზავრების ნაკადს ხელი არ შეეშალოს.

რკინიგზა

სატრანსპორტო კომპანიის მსგავსად, “საქართველოს რკინიგზაც” ამბობს, რომ მთავრობისგან დამატებითი ზომების მიღების შესახებ ბრძანება ჯერ არ მიუღიათ. მათი თქმით, იმ შემთხვევაში,თუ ასეთი ბრძანება გაიცემა, ისინი მზად არიან, სანიტარული ნორმები გაამკაცრონ.

რაც შეეხება დღევანდელ სიტუაციას, რკინიგზაში ამბობენ, რომ მატარებლის ვაგონები ყოველდღიურად სპეციალურ დეზინფექციას გადიან, სადგურები კი სველი წესით სუფთავდება.

რა ხდება მსოფლიოს სხვა ქვეყნებში?

ნეტგაზეთმა საზოგადოებრივ ტრანსპორტში სანიტარული ნორმების გამკაცრებაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსაც ჰკითხა. უწყებაში ამბობენ, რომ, ჯერჯერობით, დამატებითი ზომები საჭირო არ არის, თუმცა აუცილებელია, რომ ეს ადგილები სველი წესით იწმინდებოდეს და ნიავდებოდეს.

იმ ქვეყნებში, სადაც, საქართველოსთან შედარებით, კორონავრიუსის შემთხვევების უფრო მეტია, უსაფრთხოების დამატებითი ზომებია მიღებული. მაგალითად, სინგაპურში, სადაც ახალი ტიპის კორონავირუსის 93 შემთხვევაა დაფიქსირებული, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ხელის სადეზინფექციო სითხეების მოწყობილობებია დამონტაჟებული და მოქალაქეებს ხელების დეზინფექცია შეუძლიათ.

ნეტგაზეთს სინგაპურში მცხოვრები სოფია კენჭიაშვილი ფეისბუკზე წერს: “მეტროში ყოველი 5 გაჩერების მერე მატარებელი ჩერდება, მგზავრები გამოდიან, სხვა, სუფთა მატარებელში სხდებიან და ფორმიანი ტიპები სინქრონულად იწყებენ ვაგონების დეზინფექციას”.

როგორც სოფიამ ნეტგაზეთს უთხრა, საჯარო სივრცეები, მათ შორის, სადგურები ხშირად სუფთავდება სადეზინფექციო სითხეებით. დეზინფექციას უტარებენ სკოლებს ყოველი დღის ბოლოს. გარდა ამისა, სადეზინფექციო სითხეების აპარატები დამონტაჟებულია ლიფტებთანაც კი.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახური კი საერთოდ ურჩევს მოქალაქეებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, ტაქსით, ნაკლებად ისარგებლონ.

რაც შეეხება იტალიას, სადაც ევროპაში კორონავირუსი ყველაზე მეტად არის გავრცლეებული, საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მათ შორის, სპციალურ ტურისტულ გემებს სპეციალური ხსნარით უტარდებათ დეზინფექცია.

სპეციალურ სადეზინფექციო ხსნარებს იყენებენ ირანის მეტროშიც. 


28 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ორი შემთხვევა დასტურდება. ერთი პირი საქართველოში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა, მეორე კი ქუთაისიდან იტალიაში ჩაფრინდა. ორივე საქართველოს მოქალაქეა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ყველას, ვინც ბოლო პერიოდში იტალიაში იმოგზაურა, მოუწოდა, თვითიზოლაციაში იყვნენ 2 კვირის განმავლობაში. ირანთან კი ფრენები შეწყვეტილია.

108 საჯარო სკოლიდან 16 სკოლაში სასმელი წყალი საერთოდ არ არის – სახალხო დამცველი

კორონავირუსიანმა პაციენტმა იტალიაში ჯგუფთან ერთად იმოგზაურა – ცერცვაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი