სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს ყვარლის სატყეო უბნის უფროსი გ.ა. და ამავე სატყეო უბნის სპეციალისტი გ.ფ. დააკავეს.
სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირებმა მოქალაქეს მათ სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ტყის ფონდის 6 თვით საძოვრად გადაცემის სანაცვლოდ, ქრთამის სახით, ფულადი თანხა გამოართვეს.
გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.