ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ალიევის და ფაშინიანის შეხვედრა მიუნხენში – რა იქნება შემდეგ? 

28 თებერვალი, 2020 • 1850
ალიევის და ფაშინიანის შეხვედრა მიუნხენში – რა იქნება შემდეგ? 

ავტორი: ჰრანტ მიკაელიანი, ერევანი


15 თებერვალს, მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციის მსვლელობისას სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს შორის მაღალი დონის შეხვედრა და დისკუსია გაიმართა. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე დებატები გამართეს, სადაც არა მხოლოდ საჯაროდ გამოთქვეს საკუთარი პოზიცია, არამედ წამყვანისა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს. ეს იყო ჟანრების აღრევა – პრესკონფერენცია, დებატები, კომუნიკე და მოლაპარაკებები. შეხვედრა ინგლისურ ენაზე გაიმართა. ორივე ლიდერი თარჯიმნის გარეშე საუბრობდა. 

სომხეთსა და აზერბაიჯანში, რასაკვირველია, ამ დებატებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს, მაგრამ სხვა ქვეყნებშიც დიდი ინტერესით ადევნეს მას თვალი ექსპერტებმა და ჟურნალისტებმა. ის, თუ რა მარტივად გადავიდა ეს დებატები ისტორიულ დისკუსიაში, ალბათ უცნაურად აღიქმებოდა რეგიონს მიღმა, კავკასიაში კი ყველამ იცის, რომ ისტორია პოლიტიკის ნაწილია. 

მოლაპარაკებების პროცესი

სანამ დისკუსიის შინაარსის განხილვაზე გადავალთ, საჭიროა მის მნიშვნელობაზე ვისაუბროთ. ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საკითხზე მოლაპარაკებები ჯერ კიდევ 1992 წლის დასაწყისში, ყარაბაღის ომის ცხელი ფაზის დაწყებამდე დაიწყო. თუმცა, რეგულარული მოლაპარაკებების მიუხედავად, კონფლიქტი ჯერ კიდევ დაურეგულირებელია. 

მოლაპარაკებები ეუთოს მინსკის ჯგუფის ხუთმხრივ ფორმატში იმართება და მასში ჩართული არიან აზერბაიჯანი და სომხეთი, ასევე სამი თანათავმჯდომარე ეუთოდან – აშშ, რუსეთი და საფრანგეთი. მოლაპარაკებათა მთელ ამ პროცესში მხარეები ალბათ ორჯერ თუ მიუახლოვდნენ საბოლოო შეთანხმების გაფორმებას, მაგრამ შეთანხმება საბოლოო ჯამში მაინც ვერ შედგა – აღნიშული მოლაპარაკებები იმართებოდა ქი-უესთში 1999 წელს და ყაზანში – 2011 წელს.

2007 წლიდან შუამავლებმა შეათანხმეს დოკუმენტი სახელწოდებით “მადრიდის პრინციპები”, რომელსაც უნდა დაეფუძნოს კონფლიქტის რეგულირება და რომელიც მოიცავს რიგ საკითხებს: ძალის გამოუყენებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას, თვითგამორკვევის უფლებას, დევნილთა დაბრუნებას და ა.შ. იმ დროიდან მოყოლებული შუამავლების მიდგომები გარკვეულწილად იცვლებოდა, მაგრამ არა პრინციპულად და ეს მოლაპარაკებები ამავე ფორმატში დღემდე გრძელდება. 

კონფლიქტის ზონაში გაზრდილი დაძაბულობის გათვალისწინებით, დაახლოებით 2014 წელს მოლაპარაკებები თითქმის შეწყდა და გახშირდა სამხედრო ესკალაციები, რომელმაც პიკს 2016 წლის აპრილში მიაღწია და დაახლოებით 400 სამხედრო და მშვიდობიანი მცხოვრები შეიწირა. “აპრილის ომმა” როგორც მხარეები, ასევე შუამავლები აიძულა გაეაქტიურებინათ ძალისხმევა. 2018 წლის “ხავერდოვანი რევოლუციის” შემდეგ დიალოგის აღდგენის ახალი მცდელობები დაიწყო. 

ფაშინიანი და მოლაპარაკებები ყარაბაღის საკითხზე

შუამავლები მიიჩნევდნენ, რომ ნიკოლ ფაშინიანი, რომელიც არ წარმოადგენს ყარაბაღის ომის სამხედრო-პოლიტიკურ ელიტას, შესაძლოა უფრო ყოფილიყო დათმობებზე წამსვლელი. ამავე დროს, წინა ლიდერისგან განსხვავებით, ფაშინიანს უფრო მაღალი რეიტინგი ჰქონდა და იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ მას შეუძლია მშვიდობისთვის მსხვერპლის გაღება, მაგრამ ეს რესურსი ამავე დროს საკმარისი აღმოჩნდებოდა შეთანხმების იმპლემენტაციისთვის.

თავის მხრივ ფაშინიანი შეეცადა გამოეყენებინა შექმნილი შესაძლებლობები და არა მხოლოდ შუამავლებისთვის მოესმინა, არამედ პირდაპირ კონტაქტზე გავიდა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან 2018 წლის შემოდგომაზე, დუშანბეში, დსთ-ეს სამიტზე. 

დუშანბეში მიღწეული იქნა გარკვეული დროებითი შეთანხმებები, რომლის შედეგადაც ფრონტის ხაზზე სროლა მინიმალურად შემცირდა, ამან კი თავის მხრივ დიალოგის სივრცე შექმნა. მას შემდეგ ფაშინიანისა და ალიევის შეხვედრები რამდენჯერმე გაიმართა; ასევე, რეგულარულად ხვდებიან ერთმანეთს სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები – მნაცაკანიანი და მამედიაროვი. მათი ბოლო შეხვედრა 2020 წელს ჟენევაში 29-30 იანვარს გაიმართა და ჯამში 11-12 საათს გაგრძელდა. 

სახასიათოა, რომ მხარეები ავრცელებენ წინააღმდეგობრივ განცხადებებს მოლაპარაკების პროცესის შესახებ. აზერბაიჯანის ხელისუფლება აცხადებს, რომ მოლაპარაკებებზე იხილება საკითხები, რომელიც აზერბაიჯანს აინტერესებს და რომ მან მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. სომხური მხარე აცხადებს, რომ ეს შეხვედრები საკონსულტაციო ხასიათისაა და რეალურად ეს არ არის მოლაპარაკებები, თუმცა შეხვედრების დეტალებს არ ასაჯაროებს. 

იმის გათვალისწინებით, რომ საერთაშორისო საზოგადოებაში გარკვეული კონსესუსია იმაზე, რომ ძირითად დათმობებზე სომხური მხარე უნდა წავიდეს, სომხეთში ეს სერიოზულ ღელვას იწვევს. ბევრი ადანაშაულებს ფაშინიანს იმაში, რომ ის რეალურად ყარაბაღის დათმობის პოლიტიკას ატარებს მოლაპარაკებების დროს. 

სომხური საზოგადოება ძალიან მგრძნობიარეა მთიანი ყარაბაღის საკითხისადმი, ამიტომაც ნებისმიერი სპეკულაცია ამ თემაზე საზოგადოებაში მღელვარებას იწვევს; ისედაც ყველას კარგად ახსოვს, სომხეთის პირველი პრეზიდენტი ლევონ ტერ-პეტროსიანი როგორ გადადგა ყარაბაღის საკითხის მიმართ მისი პოზიციის გამო, რომელიც საზოგადოებისა და ელიტის ნაწილისათვის მიუღებელი იყო. 

ყარაბაღის საკითხისადმი არანაკლები მგრძნობელობაა აზერბაიჯანში, თუმცა ის ფაქტი, რომ ყარაბაღს აზერბაიჯანი ვერ აკონტროლებს [ეს ნიშნავს იმას, რომ დღეს არსებული სიტუაციის გათვალისწინებით მას დასაკარგიც არ აქვს] აზერბაიჯანის ელიტისა და საზოგადოების რეაქციას უფრო მეტად თანმიმდევრულს ხდის. თუმცა, განსხვავებულ რეაქციაზე გავლენას ახდენს ისიც, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება უფრო ავტორიტეტულია, მონოლითური და საინფორმაციო ველსაც აკონტროლებს. 

 არსებობს თუ არა მოლაპარაკებათა ალტერნატივა?

იმის მიუხედავად, რომ მოლაპარაკებათა თითოეულ ეტაპს საზოგადოების საკმაოდ ნერვული რეაქცია ახლავს თან, მოლაპარაკებები გრძელდება და ორივე მხარეა ამით დაინტერესებული. 

თუ სომხურ მხარეს კონფლიქტის ამჟამინდელი ვითარება მთლიანობაში აწყობს, აზერბაიჯანული მხარე, რომელმაც ტერიტორიის დიდი ნაწილი დაკარგა, არ აპირებს სიტუაციას შეეგუოს და ამის შესახებ არაერთხელ განუცხადებია. აზერბაიჯანის ხელისუფლება თითქმის ყოველთვიურად აცხადებდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სამშვიდობო მოლაპარაკებები დამაკმაყოფილებელ შედეგებს არ მოიტანს, აზერბაიჯანი მზადაა შედეგების მისაღწევად სამხედრო საშუალებები გამოიყენოს. სომხეთის ხელისუფლებაში ფაშინიანის მოსვლის შემდეგ ეს განცხადებები აზერბაიჯანში სულ უფრო იშვიათად ისმის, მაგრამ არ შეწყვეტილა. 

ნებისმიერი მოლაპარაკებები სამხედრო მოქმედებებს სჯობს. სამხედრო მოქმედებებს ახალგაზრდა ჯარისკაცების სიცოცხლე ეწირება, ზიანდება ინფრასტრუქტურა, რეგიონი აღიქმება, როგორც ინვესტიციებისთვის საშიში და მხარეებს პირდაპირი და ირიბი ეკონომიკური ზარალი ადგებათ. ომის წინა რაუნდმა, ეკონომიკურ ტრანსფორმაციასთან ერთად, მთელი კავკასია დააზარალა ათწლეულის განმავლობაში, ამიტომაც რეალურად ომი არავის სურს. ზუსტად ისევე, როგორც არავის სურს ისეთი სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება, რომლის შედეგად იძულებული იქნება სერიოზულად უკან დაიხიოს ამ დროისთვის არსებული პოზიციებისა და განცხადებებისგან. 

მხარეებისგან განსხვავებით, შუამავლებისთვის ყარაბაღის მიწა არ არის საკრალური, მათ არ ემუქრება რაიმე სახის დანაკარგი და არც ზარალს ნახავენ სამხედრო მოქმედებების განახლების შემთხვევაში. ამიტომაც ისინი მხარეებს გარკვეულ გადაწყვეტილებებს სთავაზობენ, რომელიც მომდინარეობს საერთო მოლაპარაკებებისგან, პოლიტიკური და სამართლებრივი კონტექსტისგან, რომელიც იმ მომენტში არსებობს. იმის მიუხედავად, რომ სომხური და აზერბაიჯანული მხარეები ბოლომდე კმაყოფილი არ არიან მსგავსი გადაწყვეტილებებით, ისინი მონაწილეობენ მოლაპარაკებებში იმ იმედით, რომ მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილება იქნება მიღებული. 

ერთი მხრივ, თამაში ნულოვანი სახსრებით, რომლის ფარგლებშიც მხარეები ამ კონფლიქტს ხედავენ, სრულიად არ უწყობს ხელს მის გადაჭრას. ამ ლოგიკის მიხედვით ორივე მხარისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება ვერ იარსებებს – ვიღაცამ უნდა გაიმარჯვოს და ვიღაცამ – წააგოს. სანამ ეს აღქმა არსებობს, ნებისმიერმა მხარემ, რომელიც დათმობაზე წავა, კი არ უნდა დათმოს, კაპიტულაცია უნდა გამოაცხადოს. მეორე მხრივ, კვლავ სამხედრო მოქმედებების განახლება უკიდურესად არასასიამოვნო ალტერნატივაა ორივე მხარისთვის. ამიტომაც მხარეები ცდილობენ ოპერირებას გადაწყვეტილებების სივრცის ფარგლებში ომიდან კაპიტულაციამდე.

ფაშინიანისა და ალიევის დებატები

ამავე კონტექსტში უნდა აღვიქვათ ფაშინიანისა და ალიევის მიუნხენში საჯარო დისკუსიაც. ალიევმა განაცხადა, რომ მან უკვე მიიწვია სომხეთი ასეთ დებატებზე, მაგრამ სომხეთის წინა ლიდერი, სერჟ სარგსიანი უარს ამბობდა მსგავს დისკუსიებზე. იყო თუ არა ეს ასე, ამის თქმა რთულია, რამდენადაც მოლაპარაკებათა ჩაგდების საკითხზე, როგორც წესი, მხარეებს საპირისპირო პოზიციები აქვთ. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ახლა ეს დისკუსია შედგა. 

დისკუსიამ აჩვენა, რომ მხარეები, რბილად რომ ვთქვათ, სხვადასხვაგვარად უყურებენ კონფლიქტს. სომხეთი კონფლიქტს ადამიანის უფლებებისა და მოსახლეობის უსაფრთხოების პოზიციიდან უყურებს, აზერბაიჯანი – საერთაშორისო ურთიერთობებისა და ტერიტორიული მთლიანობის პოზიციიდან. ეს დამახასიათებელია არა მხოლოდ სხვადასხვა ქვეყნისთვის, არამედ სხვადასხვა ეპოქისთვის. ამ დებატების დროს სწორედ ეს ხედვები იქნა მხარეების მიერ წარმოდგენილი. 

ხედვებს შორის კიდევ ერთი განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ ნიკოლ ფაშინიანმა გაახმოვანა  სომხური მხარის მოთხოვნა – კონფლიქტის მოგვარება ურთიერთსასარგებლო უნდა იყოს. ფაშინიანმა განაცხადა, რომ კონფლიქტის მოგვარება უნდა აწყობდეს სომხეთს, აზერბაიჯანს და ყარაბაღს. 

აზერბაიჯანი კი მიიჩნევს, რომ ყველა მხარისათვის მისაღები გადაწყვეტილება ვერ იქნება მიღებული, მაგრამ ალიევი ხედავს საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას, რომელსაც აზერბაიჯანი ცალმხრივად განიხილავს, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანს ეკუთვნის. საკუთარი, “სამართლიანი” პოზიციის დასამტკიცებლად აზერბაიჯანი უკვე პოლიტიკურ გარემოებებს ეყრდნობა – რიგი ქვეყნების მხარდაჭერას, მათ შორის თურქეთის. მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ აზერბაიჯანი ვერაფერს შესთავაზებს სომხეთს და შესაბამისად, ეს მოლაპარაკებები შესაძლოა უსასრულოდ გაგრძელდება. 

კიდევ ერთი შეუსაბამობა კონფლიქტის აღქმაში მდგომარეობს იმაში, თუ რომელი მხარეები უნდა იყვნენ კონფლიქტის დარეგულირების პროცესში ჩართული. აზერბაიჯანს სურს კონფლიქტი დაინახოს აბსოლუტურად სიმეტრიულად – ეს ან სომხეთია აზერბაიჯანის წინააღმდეგ, ან სომხეთი და ყარაბაღელი სომხები აზერბაიჯანის წინააღმდეგ და პლუს აზერბაიჯანელები – დევნილები ყარაბაღის კონფლიქტის ზონიდან. 

ორივე მხარე თავისებურად მართალია. აზერბაიჯანელები, რომლებიც ყარაბაღიდან გამოიქცნენ, უშუალოდ დაზარალდნენ ამ კონფლიქტით და მათი აზრი მნიშვნელოვანი უნდა იყოს. ამავე დროს მოლაპარაკებათა პროცესში შეიძლება ის სომხებიც ჩაერთონ, რომლებიც აზერბაიჯანიდან გამოიქცნენ და ეს შეიძლება დაუსრულებელ პრობლემად გადაიქცეს. 

თუმცა სომხური პოზიცია დაფუძნებულია პოლიტიკურ გარემოებებზე. პირველ რიგში, სომხებს მთიანი ყარაბაღის სახით აქვთ სახელმწიფო, რომელიც ასრულებს ყველა სახელმწიფო ფუნქციას გარდა ფულადი-საკრედიტო რეგულირებისა, რომელსაც სომხეთის ცენტრალური ბანკი ასრულებს. 

მეორე – სომხური მხრიდან 1992-94 წლების ომში ყველა მეტი მონაწილე სწორედ ყარაბაღიდან იყო. სომეხი მებრძოლების სიების მიხედვით, ომში დაღუპულების ნახევარზე მეტი [5856 ადამიანი დაახლოებით 7.5 ათასი დაღუპულიდან] სომხეთის მხრიდან ყარაბაღელია [3% ომისშემდეგი მოსახლეობის] 0.98% დაღუპული სომხეთის რესპუბლიკის მოსახლეობის. ომში მონაწილეთა ასეთი თანაფარდობით შეუძლებელია წარმოვიდგინოთ კონფლიქტი, როგორც ომი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის და უზრუნველვყოთ მისი ისე გადაჭრა, რომელსაც ყარაბაღელები მხარს არ დაუჭერენ. 

ვინ „გაიმარჯვა“ მოლაპარაკებებში?

საჯარო დებატების დასრულების შემდეგ მედიაში თავად დებატების შესახებ სხვადასხვა პოზიცია გამოითქვა. აზერბაიჯანის პროსახელისუფლებო მედიაში, რომელიც მედიაბაზარზე დომინანტია, პოზიცია წარმოდგენილი იყო ისე, რომ ილჰამ ალიევმა “გაიმარჯვა” და მან თითქოს შანსი არ დაუტოვა ოპონენტს.

სომხურ პროსახელისუფლებო პრესაში სიმეტრიული პოზიცია გაჟღერდა, რომლის შესაბამისად ნიკოლ ფაშინიანმა გაიმარჯვა. თუმცა ეს პოზიცია არც ისე დომინანტური იყო, რადგანაც სომხეთში არსებობს ოპოზიციური მედიის საკმაოდ მნიშვნელოვანი სეგმენტი, მათ შორის მედია, რომელიც ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს ეკუთვნით.

ოპოზიციური მედია ფაშინიანს ადანაშაულებდა იმაში, რომ მან “ავტოგოლი” გაიტანა, კერძოდ, სომხეთის პოზიცია ზუსტად არ წარმოაჩინა და ორმაგი ინტერპრეტირების საშუალება მისცა აუდიტორიას, არ უპასუხა ალიევის მიერ გამოთქმულ საკამათო მოსაზრებებს და სომხეთის მოლაპარაკებათა პოზიცია შეასუსტა. 

რეალურად, არ ვფიქრობ, რომ შეიძლება საუბარი იმაზე, თუ ვინ “გაიმარჯვა” ამ მოლაპარაკებებში. ორივე მხარემ საკუთარი საგარეო პოლიტიკური პოზიცია და მიდგომა გამოთქვა. შეუძლებელია გვერდი აუარო იმ ფაქტს, რომ ილჰამ ალიევი ფაშინიანზე გამოცდილია, თუნდაც იმიტომ, რომ ის ყარაბაღზე მოლაპარაკებებს უკვე 17 წელია მართავს, მაშინ როდესაც ფაშინიანი ამ საქმეში ჯერ წელიწადნახევარიც არ არის. იქამდე ფაშინიანი იყო ჟურნალისტი, რომელიც ფოკუსირდებოდა შიდა პოლიტიკაზე და ყარაბაღის პრობლემას ასეთ დეტალებში არ იცნობდა. ამის მიუხედავად, ის არ მოემზადა ცუდად და ბევრი მისთვის ახალ ფაქტს გაეცნო და სისტემურად ჩამოაყალიბა.

კამათი იმის შესახებ, რომ ერევანში აზერბაიჯანელების 70% იყო თუ 40%, არ შეიძლება იყოს ყარაბაღის მოლაპარაკებებში ქვაკუთხედი, თუნდაც იმიტომ, რომ არცერთი ლიდერი არ არის ისტორიკოსი, ეს მათ კომპეტენციაში არ შედის და ისინი არასაკმარისად ფლობენ ინფორმაციას.

ამასთან, არ შეიძლება ითქვას, რომ ისტორიულ ფაქტორებს საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა. ისტორიული დისკუსიები, თუნდაც ნაკლები სიმწვავით, არა მხოლოდ კავკასიაში, ევროპაშიც არსებობს. ისტორიულ ფაქტორებს რომ მნიშვნელობა არ ჰქონდეს, მათ არც განიხილავდნენ. თუნდაც ამ დებატებამდე არ ყოფილიყო მნიშვნელოვანი, განხილვაზე ისტორიული დისკუსიის გატანით, ილჰამ ალიევმა ეს მოლაპარაკებების ნაწილად აქცია. ამ ლოგიკის გაგრძელების შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, რომ შემდეგ ჯერზე მხარეები უფრო ფოკუსირდებიან ისტორიაზე და სომხურ მხარეს ამ კუთხით არანაირი პრობლემა არ აქვს. ეს მოლაპარაკებებს ჩიხში შეიყვანს. ამავე დროს, სანამ დიპლომატები საუბრობენ, ზარბაზნები დუმან. ამიტომ, თუნდაც ასეთი მოლაპარაკებები, უფრო კარგია, ვიდრე მათი არარსებობა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი