ახალი ამბები

ირანის ვიცე-პრეზიდენტსა და 2 პარლამენტარს კორონავირუსი დაუდგინდათ

27 თებერვალი, 2020 • 1164
ირანის ვიცე-პრეზიდენტსა და 2 პარლამენტარს კორონავირუსი დაუდგინდათ

ირანის ვიცე-პრეზიდენტი ქალებისა და საოჯახო საკითხებში, მასუმერ ებტეკბარი, არის მეორე ირანელი მაღალჩინოსანი, რომელსაც ბოლო დღეებში კორონავირუსი ლაბორატორიულად დაუდასტურდა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ამ ვირუსით დასნებოვანდა ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.

ტელეარხი Al Arabya ირანულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ვიცე-პრეზიდენტისა და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის გარდა, კორონავირუსი დაუდასტურდა ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს მოჯტაბა ზოლნურს. მან თავისი ჯანმრთელობის შესახებ გავრცელებულ ვიდეოში ისაუბრა. კორონავირუსი აღმოაჩნდა კიდევ ერთ პარლამენტარ მაჰმუდ სადეღის.

27 თებერვლის მონაცემებით, ირანში კორონავირუსით დაინფიცირდა 245 ადამიანი, გარდაიცვალა – 26, გამოჯანმრთელდა – 49, დანარჩენები კი აგრძელებენ მკურნალობას.

ჩინეთის, სამხრეთ კორეისა და იტალიის შემდეგ კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა სწორედ ირანში დაფიქსირდა. საქართველოში კორონავირუსის მატარებელი პირველი ადამიანი 26 თებერვალს სწორედ ირანიდან, აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა.

საქართველომ ირანთან შეაჩერა როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო მიმოსვლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი