ახალი ამბები

40%-ზე მეტი მხარდაჭერა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება – ბოკერია

27 თებერვალი, 2020 • 1344
40%-ზე მეტი მხარდაჭერა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება – ბოკერია

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, შედარებით უკეთესი საარჩევნო გარემოს შესაქმნელად და პოლიტიკური ვითარების ნორმალიზებისთვის საჭიროა ისეთი საარჩევნო სისტემის მიღება, როდესაც პოლიტიკურ ძალა ვერ დააკომპლექტებს მთავრობას 40%-ზე მეტი მხარდაჭერის გარეშე და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

ბოკერიას თქმით, “ევროპული საქართველო” ამ ორ კომპონენტს ერთობლიობაში განიხილავს და არა ცალ-ცალკე.

“ჩვენი საჯარო პოზიცია დიდი ხანია ცნობილია. ნორმალიზაციისთვის საჭიროა ორი, ერთმანეთთან დაკავშირებული კომპონენტის გათვალისწინება. ეს არის გონივრული კომპრომისი საარჩევნო სისტემაზე და ასეთი ბევრი ვარიანტი შევთავაზეთ: გერმანული კლასიკური მოდელი, ადაპტირებული გერმანული მოდელი, მრავალმანდატიანი ოლქები და რახან დაიწყეს მსჯელობა პარტიულ სიასა და მაჟორიტარებს შორის პროპორციაზე, აქაც დავუთვალეთ და 40%-ზე მეტი მხარდაჭერის პრინციპიდან გამომდინარე ასეთი პროპორციაა 130/20-ზე. შეუძლიათ აქედან აირჩიონ ნებისმიერი, რომელიც ამ შედეგს იძლევა და ამასთან ერთად, პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” გიგა ბოკერიამ.

მისი თქმით, უნდა გათავისუფლდეს არა მარტო გიგი უგულავა, არამედ ყველა პოლიტპატიმარი, მათ შორის, ირაკლი ოქრუაშვილი და “გავრილვის ღამეს” დაკავებულები.

“ეს პაკეტი არის სრული ნორმალიზაცია და მერე ყველანი მივდივართ შედარებით ნორმალურ არჩვენებზე. ამ ორი კომპონენტის გარეშე ნორმალიზაცია ვერ მოხდება”, – აღნიშნა ბოკერიამ.

კითხვაზე, თუ ხელისუფლებამ მოამზადა საკანონმდებლო ცვლილებება 40%-იანი მხარდაჭერის პრინციპის გათვალისწინებით, თუმცა გიგი უგულავა პატიმრობაში დარჩა, დაუჭერს თუ არა “ევროპული საქართველო” მხარს საარჩევნო სისტემის რეფორმას, ბოკერია პასუხობს:

“კენჭისყრა სამი თვის მერე იქნება და ვნახოთ მერე. მე პირადად ისეთ სისტემას, რომელიც ქვეყნისთვის უკეთესია დავუჭერდი მხარს, მაგრამ ეგ არსებითად არაფრის გადამწყვეტი არ იქნება, ვინაიდან ვითარების დეესკალაციას და შედარებით უკეთეს ატმოსფეროს სჭირდება ორივე კომპონენტი და არა მხოლოდ ერთ-ერთი”, – განაცხადა ბოკერიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, “ქართული ოცნება” მზადაა “მოხსნას წუხილი” იმის თაობაზე, რომ 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე ძალამ მთავრობა არ დააკომპლექტოს.

“ოცნება” 40%-იანი მხარდაჭერის პრინციპზე თანახმაა – მდინარაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი