ახალი ამბები

ხარატიშვილის „მერვე სიცოცხლე (ბრილკას)“ ბუკერის პრემიის გრძელ სიაში მოხვდა

27 თებერვალი, 2020 • 2441
ხარატიშვილის „მერვე სიცოცხლე (ბრილკას)“ ბუკერის პრემიის გრძელ სიაში მოხვდა

გერმანიაში მცხოვრები ქართველი მწერლის, დრამატურგისა და რეჟისორის, ნინო ხარატიშვილის რომანი — „მერვე სიცოცხლე (ბრილკას)“ — ინგლისურენოვანი ლიტერატურული ყველაზე პრესტიჟული პრემიის, ბუკერის პრემიის გრძელ სიაში მოხვდა.

ბუკერის პრემიის გრძელ სიაში 13 წიგნია შესული. სია ერთი საათის წინ გამოქვეყნდა. ამ პრემიით ყოველწლიურად აჯილდოებენ წიგნებს, რომლებიც სხვადასხვა ენიდან ინგლისურად ითარგმნა და დიდ ბრიტანეთსა ან ირლანდიაში გამოიცა.

გამარჯვებულ წიგნს 50 000 ფუნტი სტერლინგი გადაეცემა [რასაც ავტორი და თარჯიმანი თანაბრად იყოფენ]. ხარატიშვილი წლევანდელ სიაში მოხსენიებულია, როგორც გერმანია-საქართველოს წარმომადგენელი. წიგნის ინგლისურენოვანი თარგმანი შარლოტ კოლინსსა და რუთ მარტინს ეკუთვნით.

ბუკერის პრემიის მოკლე სია 2 აპრილს გამოცხადდება, გამარჯვებული კი — 19 მაისს.

ამ რომანისთვის — რომელიც თავდაპირველად გერმანულად გამოიცა — ავტორმა 2018 წლის გაზაფხულზე, გერმანიაში პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდო – ბერტოლდ ბრეხტის პრემია მიიღო და ბესტსელერად იქცა.

ბუკერის პრემია, რომელიც 1969 წლიდან გაიცემა, სხვადასხვა დროს მიღებული აქვთ ისეთ ავტორებს, როგორებიც არიან სალმან რუშდი, იან მარტელი, არუნდჰატი როი, მარგარეტ ეტვუდი და სხვები.

ამ წიგნის შესახებ გირჩევთ:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/183658/

მასალების გადაბეჭდვის წესი