ახალი ამბები

არიან თუ არა მზად სკოლები ჰიგიენის დასაცავად კორონავირუსის გავრცელებისას

27 თებერვალი, 2020 • 2523
არიან თუ არა მზად სკოლები ჰიგიენის დასაცავად კორონავირუსის გავრცელებისას

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად, სკოლებში სანიტარული ნორმები გამკაცრდება, ხოლო მათი მონიტორინგი უფრო ინტენსიური გახდება. თუმცა, არაერთი კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოში არაერთ სკოლას აქვს ჰიგიენის დაცვის პრობლემა, მათ შორის, არ მიეწოდება წყალი.

განათლების სამინისტრომ დღეს, 27 თებერვალს, სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც თქვა, რომ, დღესდღეობით, სწავლის შეჩერების საფუძველს ვერ ხედავს.

სამინისტრომ ასევე გამოსცა სპეციალური რეკომენდაციები, რომელიც სკოლამ უნდა დაიცვას, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამინისტრო გარკვეულ სანქციებს, მათ შორის, შენიშვნას გაატარებს.

თუმცა, მიუხედავად სამინისტროს დღევანდელი განცხადებისა, არაერთი კვლევა ცხადყოფს, რომ საქართველოს სკოლებში სანიტარია მართლაც პრობლემურია.

მაგალითად, გაეროს ბავშვთა ფონდის, UNICEF-ისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO/ჯანმო) ერთობლივად მომზადებული 2018 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველოში გამოკვლეული სკოლების მხოლოდ 12% აკმაყოფილებს ჰიგიენის საბაზისო ნორმებს, სკოლების მეოთხედზე მეტს (26%) სანიტარული ნორმები საერთოდ არ აქვს დაცული, 10%-ს კი სასმელ წყალზე საერთოდ არ მიუწვდება ხელი.

სანიტარული სიტუაცია სკოლებში ასევე შეამოწმა სახალხო დამცველმაც, რომელმაც 2019 წლის თებერვალში სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, 108 საჯარო სკოლიდან 16 სკოლაში სასმელი წყალი საერთოდ არ არის, გამოკვლეული სკოლების უმრავლესობაში საპირფარეშოები მოუწესრიგებელია და იქ ანტისანიტარული მდგომარეობაა.

კვლევას თან ახლდა ფოტოსურათებიც. მაგალითად, სახალხო დამცველმა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოლევის სკოლის საპირფარეშოში ეს ფოტო 2019 წელს გადაიღო:

ასეთი იყო საპირფარეშო ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათის სკოლაში.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა როგორც მარტვილის, ასევე ქობულეთის რესურსცენტრების ხელმძღვანელებს, სადაც გვითხრეს, რომ დღეს სიტუაცია გამოსწორებულია.

მარტვილში გვითხრეს, რომ საპირფარეშო სკოლის შენობაში – შიგნით შეიტანეს. მათივე თქმით, დღეიდან სპეციალური ჯგუფები სკოლებში მონიტორინგის მიზნით დადიოდნენ. რაც შეეხება ქობულეთს, რესურსცენტრში განმარტავენ, რომ ბობოყვათის სკოლის საპირფარეშო USAID-ის დაფინანსებით მოწესრიგდა.

სკოლებში წყლის პრობლემაზე ასევე საუბრობენ განათლების სამინისტროში. ზოგადი განათლების სამმართველოს უფროსის, ეკატერინე ხუციშვილის თქმით, თუ სკოლას არ მიეწოდება ცენტრალური წყალგაყვანილობით წყალი, მათ ამისთვის რეზერვუარი უნდა ჰქონდეს გათვალისწინებული.

რაც შეეხება მოსწავლეთა დასწრებას, უწყებაში ამბობენ, რომ სკოლებში დღეს შედარებით ნაკლები მოსწავლე მივიდა,სკოლებიდან მიღებულ მონაცემებს კი სამინისტროში საღამოსთვის შეაჯამებენ.

ნეტგაზეთი ასევე დაუკავშირდა სხვა რესურსცენტრებსაც, კერძოდ კი იმ უწყებებს, რომელთა დაქვემდებარებაში არსებული სკოლების საპირფარეშოები ომბუდსმენის ანგარიშში მოხვდა, თუმცა, მათ ჩვენ ზარებს არ უპასუხეს.

რა რეკომენდაციები გასცა სამინისტრომ

რეკომენდაციებს შორის, რომელიც სამინისტრომ დღეს სკოლებს გადასცა ისეთი სანიტარული ნორმების დაცვა შედის, როგორიცაა, საკლასო ოთახების სველი წესით დალაგება, კლასების განიავება და საპირფარეშოებში შესაბამისი ჰიგიენური პროდუქტების არსებობა.

ნეტგაზეთს დღეს რამდენიმე სამხარეო რესურსცენტრმა დაუდასტურა, რომ შესაბამისი სამსახურები დილიდან „გასულები არიან სკოლებში“ და იქ არსებულ სიტუაციას ამოწმებენ. მათივე ინფორმაციით, თითქმის არსად შეინიშნება მოსწავლეთა შემცირება.

ვრცლად სამინისტროს რეკომენდაციის ნუსხა გამოიყურება ასე:

  • სკოლა ყოველდღიურად დალაგდეს სველი წესით;
  • საკლასო ოთახების, სხვა სასწავლო და დამხმარე ოთახების დალაგება გაკვეთილების დამთავრების შემდეგ მოხდეს გაღებული ფანჯრებისა მდგომარეობაში. ორი ცვლის შემთხვევაში, დალაგდეს 2-ჯერ;
  • ჩატარდეს შენობის გენერალური დასუფთავება როგორც სარეცხი, ასევე სადეზინფექციო საშუალებებით;
  • ტუალეტები, ბუფეტი, სასადილო და სამედიცინო კაბინეტი დასუფთავდეს სადეზინფექციო საშუალებებით;
  • სანიტარულ-ტექნიკური აღჭურვილობის დასუფთავება მოხდეს ყოველდღიურად. უნიტაზის დასაჯდომი ჩასარეცხი ავზის სახელურები და კარების სახელურები გაირიცხოს ცხელი წყლითა და სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით;
  • სასადილოს დასუფთავება მოხდეს ყოველი საუზმე, სადილისა და სამხარის შემდეგ;
  • მაგიდები და ჭურჭელი გაირეცხოს სპეციალური ხსნარებით;
  • დეზინფექციის დროს ძირითადი ყურადღება უნდა მიექცეს იმ ნივთების დამუშავებას, რომლებიც გადამწყვეტ როლს თამაშობენ ინფექციის გადაცემაში (კარის სახელურები, კარები, მაგიდის ზედაპირები);
  • ჰაერ-წვეთოვანი ინფექციის დროს ხშირად განიავდეს კლასები, ოთახები გაიწმინდოს მტვრისაგან, დასუფთავდეს სველი წესით;
  • სკოლის ადმინისტრაციის მიერ დადგინდეს ტუალეტების დასუფთავების წესები, პერიოდულობა, დასუფთავებისათვის განკუთვნილი ინვენტარისა და გამოყენებული ჰიგიენური საშუალებების ნუსხა;
  • ნაგვის ყუთების გაცლა მოხდეს მათი 2/3-ზე გავსებისას. გაცლის შემდეგ ნაგვის შემკრებებს ჩაუტარდეს დეზინფექცია;
  • სკოლის ტერიტორიაზე არ დაიშვას უმეთვალყურეო ცხოველები;
  • სკოლაში უზრუნველყოფილი იყოს ნახმარი წყლების მოცილება/არინება და სეპტიკური ავზების დაცლა დროულად და უსაფრთხოდ;
  • სკოლის ადმინისტრაციის ორგანიზებით, სპეციალიზებული სამსახურის მეშვეობით, ჩატარდეს ნარჩენების კონტეინერების განთავსების ადგილის, ასევე საწყობებისა და სარდაფების პერიოდული დამუშავება.

როგორც განათელბის სამინისტრო აღნიშნავს, ის სრულადაა ჩართული უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში და იმ შემთხვევაში, თუ რაიმე სახით ვირუსის გავრცელების საფრთხე გამწვავდება, სასწავლო პროცესთან დაკავშირებით მიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას.


იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში, სადაც თქვენ მუშაობთ, ან თქვენი ოჯახის წევრი/ახლობელი სწავლობს, არ არის ჰიგიენური ნორმები დაცული, გთხოვთ მოგვწეროთ ჩვენს ფეისბუკ გვერდზე ან ელ. ფოსტის მისამართზე: info@netgazeti.ge, ან დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 595 92 37 70


ნახეთ ასევე:

108 საჯარო სკოლიდან 16 სკოლაში სასმელი წყალი საერთოდ არ არის – სახალხო დამცველი

მასალების გადაბეჭდვის წესი