ახალი ამბები

“ოცნებას” ძვლებში დავანგრევთ ნებისმიერ რაიონში – ვაშაძე

26 თებერვალი, 2020 • 1275
“ოცნებას” ძვლებში დავანგრევთ ნებისმიერ რაიონში – ვაშაძე

“ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ გაერთიანებულ ოპოზიციაში საერთო მაჟორიტარობის კანდიდატების სახელებზე და გვარებზე  მსჯელობა არ ყოფილა.

ვაშაძე გამოეხმაურა “მთავარი არხის” ეთერში გასულ სიუჟეტს, სადაც დასახელდა მაჟორტარობის 7 კანდიდატი, გიორგი ვაშაძის ჩათვლით, რომელზეც თითქოს ოპოზიცია შეთანხმდა. გიორგი ვაშაძის თქმით, მსგავსი სიუჟეტებით ოპოზიციაში განხეთქილება არ წარმოიქმნება.

“ოპოზიცია შეთანხმდა, რომ საპარლამენტო არჩევნებზე საერთო მაჟორიტარები გვეყოლება. სახელებზე და გვარებზე ჯერჯერობით მსჯელობა არ ყოფილა. 4 აპრილს აუცილებლად  გამოცხადდება სახელებიც და გვარებიც. ამ ტიპის სიუჟეტის გაკეთება ოპოზიციაში განხეთქილებას ვერ შეიტანს და პირადად მე პირობას ვაძლევ თითოეულ მოქალაქეს, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ ერთიანობა შეინარჩუნოს, რადგან ეს არის გამარჯვების ფორმულა და არა დაშლა და ერთმანეთის წინააღმდეგ საუბარი. რაც შემეხება მე, საერთო გადაწყვეტილება თუ იქნება, მზად ვარ მაჟორიტარად  დავდგე საქართველოს ნებისმიერ რაიონში და გარანტიას ვაძლევ „ქართულ ოცნებას“, რომ ძვლებში დავანგრევთ ნებისმიერ რაიონში”, – ამბობს გიორგი ვაშაძე.

“მთავარი არხის” ინფორმაციით, შალვა ნათელაშვილი, დავით ბაქრაძე, ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, ხატია დეკანოიძე, გიორგი ვაშაძე და ზაალ უდუმაშვილი 2020 წლის არჩევნებში თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში იყრიან კენჭს. ელენე ხოშტარია, შალვა ნათელაშვილი, ნიკა მელია  და ზაალ უდუმაშვილი ადასტურებენ, რომ მაჟორიტარებად კენჭისყრისთის მზად არიან, თუმცა, არა აუცილებლად თბილისში.

ოპოზიციის 7 მაჟორიტარი კანდიდატის ვინაობა ცნობილია – “მთავარი არხი”

მასალების გადაბეჭდვის წესი