ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ მთავრობა საქართველოს რკინიგზის გაყიდვას არ გეგმავს.
მინისტრმა ეს მას შემდეგ განაცხადა, რაც ვანო მაჭავარიანმა თქვა, რომ მთავრობამ რკინიგზის პრივატიზებაზე უნდა იფიქროს:
“პირდაპირ გეტყვით, რომ რკინიგზის პრივატიზებას მთავრობა არ გეგმავს. მსგავსი რამ არ განიხილება… რაზეც საუბარი იყო ფინანსთა მინისტრის მხირდან, ეს არის რეფორმა, რესტრუქტურიზაცია, რომელიც მათ შორის რკინიგზასთან მიმართებით აუცილებლად უნდა გატარდეს.”
მაჭავარიანმა რკინიგზის პრივატიზაციის იდეაზე დღეს, 26 თებერვალს, გამართულ ეკონომიკურ კონფერენციაზე – “საქართველო და მსოფლიო 2020 წელს”- ისაუბრა. როგორც მან თქვა, გასული საუკუნის 90-იან წლებში სახელმწიფო ქონების პროვატიზაცია პოპულარული იყო ეკონომისტების ნაწილში. თუმცა, როგორც მინისტრი ამბობს, ბოლო წლებში მთავრობებს სახელმწიფო ქონების გასხვისების მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა უჭირთ.