ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანია Moderna Therapeutics აცხადებს, რომ შექმნეს ახალი ტიპის კორონავირუსის, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელსაც ტესტირებისთვის ამზადებენ. თუმცა, რა დრო დასჭირდება ამ ვაქცინის მასობრივ წარმოებაში ჩაშვებას, ჯერ უცნობია.
კომპანიის განცხადებით, ვაქცინა შეიქმნა რეკორდულად სწრაფ დროში – 42 დღეში, მას შემდეგ, რაც ჩინელმა მეცნიერებმა აღნიშნული ვირუსის გენეტიკური ინფორმაცია გაშიფრეს და კომპანიას მიაწოდეს მიმდინარე წლის იანვარში.
კოორნავირუსის საწინააღდმდეგო ვაქცინის პირველადი ნიმუშები უკვე გაიგზავნა აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნულ ინსტიტუტში ( (NIAID), რომელიც არის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის (NIH)ნაწილი. ადამიანებზე ცდები მიმდინარე წლის აპრილში დაიწყება.
როგორც ამერიკული გამოცემა TIME წერს, Moderna-ს ვაქცინა რეკორდულად მცირე დროში შეიქმნა, რადგან ეფუძნება სრულიად ახალ გენეტიკურ მეთოდს, რაც არ საჭიროებს დიდი რაოდენობით ვირუსის გამრავლებას ლაბორატორიულ პირობებში (როგორც ეს სხვა ვაქცინების შემთხვევაშია აუცილებელი). როგორც Moderna-ს პრეზიდენტმა სტივენ ჰოჯმა თქვა, მათ მიერ შექმნილი ვაქცინა ორგანიზმში კომპიუტერული პროგრამის მსგავსად მოქმედებს, რომელიც წარმოქმნის ვირუსის პროტეინებს, რაც, თავის მხრივ, იწვევს ორგანიზმის იმუნურ პასუხს. ჰოჯისვე განცხადებით, მსგავსი პრინციპით ვაქცინის შექმნა და ტესტირება რეკორდულად სწრაფ დროში, იქამდეც შეიძლება დასრულდეს, სანამ კორონავირუსი ათეულათასობით ადამიანს დააავადებს.
TIME ასევე აღნიშნავს, რომ აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნულმა ინსტიტუტმა (NIH) კორონავირუსის სამკურნალოდ უკვე დაიწყო ანტივირუსული მედიკამენტის გამოცდა, რომელიც ებოლას წინააღმდეგ შეიქმნა. აღნიშნულ ცდებს ნებრასკის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ექიმები ატარებენ.
ამერიკული მედიასაშუალების ცნობით, მედიკამენტ რემდევიზის გამოცდამ იმედის მომცემი შედეგები აჩვენა კორონავირუსით ინფიცირებული ცხოველების მკურნალობისას. აღნიშნულ მედიკამენტებს 10 დღის განმავლობაში ნებაყოფლობით გამოცდიან კორონავირუსით ინფიცირებულ იმ ამერიკელებზე, რომელთა ევაკუაციაც საკრუიზო გემ Diamond Princess-დან განხორციელდა.







