ახალი ამბები

როგორ მოიპარეს BOBCAT-ის სპეცტექნიკა თბილისის გაფორმების ეკონომიკური ზონიდან

26 თებერვალი, 2020 • 1703
როგორ მოიპარეს BOBCAT-ის სპეცტექნიკა თბილისის გაფორმების ეკონომიკური ზონიდან

თბილისის გაფორმების ეკონომიკური ზონიდან 2019 წლის დასაწყისში BOBCAT-ის მარკის სპეცტექნიკა მოიპარეს, რომელიც ამ დრომდე არ უპოვიათ. ინფორმაცია ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ გაავრცელა ეკონომიკის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე, როდესაც ფინანსთა მინისტრ ვანო მაჭავარიანს აკრიტიკებდა.

გაფორმების ეკონომიკური ზონა (გეზ) შემოსავლების სამსახურის მფლობელობაშია და იქ ტვირთების განბაჟება ხდება.

“ტრაქტორი მოიპარეს… ტრაქტორი მოიპარეს საბაჟო ტერმინალიდან. ეს ხომ ყალბი დღგ არ არის… ტრაქტორი როგორ უნდა გავიდეს, გამაგებინეთ, ერთი, ცენტრალური გასასვლელიდან, განუბაჟებლად… თან თარიღს გვეუბნებიან, ორ თებერვალს გავიდა ტრაქტორიო. თუ იცი, რომ ორ თებერვალს გავიდა, მაშინ ისიც ხომ უნდა იცოდე, ვინ გაიყვანა”, – განაცხადა ჭიჭინაძემ

საუბარია შ.პ.ს ,,GLAS WORK“-ის მიერ 2018 წლის ივნისში გერმანიიდან საწარმოო მიზნებისთვის შეძენილ ,,BOBCAT’’-ის სატრანსპორტო საშუალებაზე (BOBCAT s103), რომელიც საქართველოს შემოსავლების სამსახურმა გაფორმების ზონაში საიდენტიფიკაციო ნომრის არარსებობის გამო გააჩერა. უწყება სპეცტექნიკის ვინ-კოდის შესაძლო გაყლებების ფაქტს ამოწმებდა, თუმცა არ დასცალდა, რადგან ტექნიკა თბილისში მოიპარეს.

თავად დავით ჭიჭინაძეს, როგორც ისნის მაჟორიტარ დეპუტატს, კომპანიის დირექტორმა აზათ აღაკიანმა მიმართა და საბაჟოზე შექმნილი პრობლემების მოგვარებაში დახმარება სთხოვა. დეპუტატი ამ პროცესში ამ წერილის მიღების შემდეგ ჩაერთო და სახელმწიფო უწყებებს სადეპუტატო შეკითხვებით მიმართა.

სანამ გარდაბნის რაიონული სამმართველოს განყოფილებაში სპეციალური სატრანსპორტო საშუალების ვინ-კოდის შესაძლო გაყალბების საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა, სპეცტექნიკა გაფორმების ეკონომიკურ ზონის დაცულ სადგომზე იყო გაჩერებული.

2019 წლის პირველ თებერვალს გარდაბნის სამმართველოს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტიდან პოლიციას შეატყობინეს, რომ “გაფორმების ეკონომიკურ ზონა ,,თბილისის’’ დაცული ტერიტორიდან” BOBCAT-ის სატრანპორტო საშუალება მოიპარეს. შსს-მ ქურდობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო. როგორც ნეტგაზეთს დღეს, 26 თებერვალს, შსს-ში უთხრეს, ამ დრომდე სპეცტექნიკა არ უპოვიათ. საქმეზე კი გამოძიება მიმდინარეობს.

ნეტგაზეთს შემოსავლების სამსახურში არ უთხრეს გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, საიდანაც სატრანსპირტო საშუალება მოიპარეს, კამერები არის თუ არა დაყენებული. ნეტგაზეთთან საუბრისას GLAS WORK“-ის იურისტი ამბობს, რომ კომპანიას გარკვეული ინფრასტრუქტურული პროექტები ჰქონდა დაგეგმილი და ტექნიკაც ამისთვის სჭირდებოდა. მისივე თქმით, 2019 წლის თებერვალში დაკარგული ტექნიკის შესახებ ივნისში გაიგეს, რადგან მოპარული ტექნიკის შესახებ სახელმწიფო უწყებებს მათთვის არ შეუტყობინებიათ.

ნეტგაზეთის კითხვაზე, არის თუ არა გაფორმების ეკონომიკურ ზონაში (გეზ) კამერები, ის გვპახუსობს, რომ დაცული ტერიტორიაა და, სავარაუდოდ, კამერები უნდა იყოს. “ჯობია ამ საკითხზე შემოსავლების სამსახურს მიმართოთ”,-გვეუბნება ის.

“გაფორმების ზონაში [შეძენილ ტექნიკაზე] დამატებითი საბუთების წარდგენა მოგვთხოვეს. ნაწილი წარვადგინეთ, თუმცა საექსპერტო დასკვნის წარდგენა იყო საჭირო, მაგრამ მაგ ეტაპამდე ვეღარ მივედით. ექპერტს ვეღარ მოვიყვანდით, რადგან აღარ იყო [ტრაქტორი]. დაახლოებით ვიცოდით, სადაც ის ეყენა, როცა გავიარეთ ერთხელაც და აღარ დაგვხვდა, დავინტერესდით, სად იყო. შემდეგ გაირკვა,  რომ პირველ თებერვალს [მოიპარეს].

აქამდე გაფორმების ზონაში არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია… ჩვენ ტვირთების იმპორტს ვახორციელებთ, რადგან გადამამუშავებელი ქარხანა გვაქვს ფონიჭალაში. ასევე ტექნიკური საშუალებები, იგივე ავტომობილებიც შემოგვყვავს ჩვენივე მოხმარებისთვის. რადგან ეს სატრანსპორტო საშუალება მოიპარეს, კომპანიას ტექნიკის დაქირავება მოუწია, რაც გაცილებით ძვირი დაგვიჯდა”, – აცხადებს კოტე გოჩელაშვილი, შ.პ.ს ,,GLAS WORK“-ის წარმომადგენელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი