ახალი ამბები

სასჯელაღსრულების სამინისტრო: ლევან ბობოხიძემ შეწყალებამდე რეჟიმი დაარღვია

27 ივლისი, 2015 •
სასჯელაღსრულების სამინისტრო: ლევან ბობოხიძემ შეწყალებამდე რეჟიმი დაარღვია

რას ამბობს სასჯელაღსრულების სამინისტრო

 

უწყების განცხადებით, №2 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციამ 2015 წლის 11 მაისს გადაუგზავნა მსჯავრდებულ ლევან ბობოხიძის დახასიათება, რომელიც სტანდარტულად ასახავდა მის პირად საქმეში არსებულ მონაცემებს, მათ შორის, ინფორმაციას დაწესებულებაში მისი დასჯისა და წახალისების თაობაზე.

 

შეწყალების კომისიამ საკითხი განიხილა და გადაწყვეტილება ინფორმაციის გადაცემიდან 2 თვის შემდეგ, ივლისში მიიღო. სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებით, სწორედ ამ პერიოდში, 9 ივნისს, მსჯავრდებული ლევან ბობოხიძე რეჟიმის დარღვევის გამო დაისაჯა და ის სამარტოო საკანში მოათავსეს.

 

სასჯელაღსრულების სამინისტრო აცხადებს, რომ შეწყალების კომისიას საკითხის განხილვის მომენტისთვის დამატებითი ან განახლებული ინფორმაცია არ გამოუთხოვია

 

“უკანასკნელი ფაქტის გათვალისწინებით, სწორედ საკითხის არასრულყოფილ შესწავლას გულისხმობდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი მედიასთან კომენტარის გაკეთების დროს, როდესაც მან შეწყალების კომისიის გადაწყვეტილებას „ნაჩქარევი“ უწოდა,”– ნათქვამია განცხადებაში.

 

 

შეწყალების კომისიის თავმჯდომარის პოზიცია

 

შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ “ნეტგაზეთს” დაუდასტურა, რომ მაისსა და ივნისში შემოსული განცხადებები კომისიამ 18 ივლისის განიხილა. 

 

ქორიძის განცხადებით, მსჯავრდებულის მიერ ამ პერიოდში რაიმე დარღვევის ჩადენის შესახებ სასჯელაღსრულების დაწესებულება ვალდებული იყო, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის ეცნობებინა.

 

“ჩვენ გვქონდა ბოლო ინფორმაცია, რაც მოგვაწოდა საპატიმრო დაწესებულებამ და ამ დახასიათებით არა მხოლოდ ლევან ბობოხიძე, სხვა მსჯავრდებულებიც ხასიათდებოდნენ დადებითად. სხვა ინფორმაცია ჩვენ არ გვქონია,”– ამბობს ზვიად ქორიძე.

 

ქორიძის განმარტებით, თუ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მოწოდებული დახასიათება უარყოფითია, მაშინ კომისიის დღის წესრიგში ესა თუ ის მსჯავრდებული ვერ მოხვდება და, შესაბამისად, შეწყალებაზე მისი საკითხი არც განიხილება.

 

ზვიად ქორიძე პროცედურას ასე განმარტავს: კომისია იღებს მსჯავრდებულის განცხადებას შეწყალების შესახებ, ამის შემდეგ მოთხოვნა იგზავნება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც მსჯავრდებული ხელმოწეროთ კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ თხოვნას. ამის შემდგომ, ქორიძის განმარტებით, დაწესებულება პრეზიდენტის ადმინისტრაციას უგზავნის კონკრეტული მსჯავრდებულის განაჩენს, ფორმა N100–ს, დახასიათებას,  სადაც არის აღწერილი დანაშაულის ტიპი და ასევე ინფორმაციაც, თუ როგორ ხასიათდებოდა იგი საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნისას.

 

“ხშირად ხდება ხოლმე, როდესაც არის ჩვენთან მოსული შეწყალების კომისიაზე საქმეები რომელიმე მსჯავრდებულის შეწყალებასთან დაკავშირებით, ამ დროს შეიძლება ამ მსჯავრდებულის მიმართ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღიძრას, ან დამატებითი საგამოძიებო პროცედურები დაიწყოს, ან მის მიმართ გარკვეული ადმინისტრაციული ღონისძიებები განხორციელდეს. ამის თაობაზე, ამას ითვალისწინებს დებულება და პრაქტიკაც ამას გვკარნახობს, სასჯელაღსრულების კონკრეტული დაწესებულება და დეპარტამენტი პრეზიდენტის ადმინისტრაციას  ატყობინებს ამის შესახებ და მერე ეს ინფორმაცია გამოდის შეწყალების კომისიაზე,” – ამბობს ზვიად ქორიძე.

 

ზვიად ქორიძე
ზვიად ქორიძე

 

 

ლევან ბობოხიძე საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა – მაჟორიტარების” თავმჯდომარის, აკაკი ბობოხიძის ძმაა. პრეზიდენტის მიერ ბობოხიძის შეწყალებას აღმასრულებელი ხელისუფლების კრიტიკა მოჰყვა. კერძოდ, პრემიერ–მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მარგველაშვლი არის “ჭეშმარიტი ნაციონალური პრეზიდენტი” და ასევე იმედი გამოთქვა, რომ მარგველაშვილი “სააკაშვილს, ბაჩო ახალაიას, ვანო მერაბიშვილს და სხვებსაც, კეთილ ადამიანებსაც შეიწყალებს ძალიან მალე”.

 

ღარიბაშვილის განცხადებას მალევე უპასუხეს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდანაც. მარგველაშვილის მრჩეველმა, კახა კოჟორიძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტი პატიმრების შეწყალებისას პოლიტიკური ნიშნით არ მოქმედებს. 


ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი  ლევან ბობოხიძე პროკურატურამ 2014 წლის 28 მარტს დააკავა. პროკურატურა ბობოხიძეს სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვას, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, სამსახურებრივ სიყალბესა და თაღლითობის ორგანიზებას ედავებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი