ახალი ამბები

არანაირ კანდიდატებზე ჩვენ თანხმობა არ გვითქვამს – ელისაშვილი ოპოზიციის მაჟორიტარობის შესაძლო კანდიდატებზე

25 თებერვალი, 2020 • 1260
არანაირ კანდიდატებზე ჩვენ თანხმობა არ გვითქვამს – ელისაშვილი ოპოზიციის მაჟორიტარობის შესაძლო კანდიდატებზე

„სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თქმით, ის არ ადასტურებს საკუთარ თანხმობას დღეს გავრცელებულ ინფორმაციაზე მაჟორიტარულ სიასთაან დაკავშირებით და ეწინააღმდეგება “მთავარი არხის” მიერ დღეს, 25 თებერვალს გამოქვეყნებულ სიას, რომლის მიხედვითაც თბილისში მაჟორიტარულ ოლქებს ლეიბორისტული პარტიის, “გაერთიანებული ოპოზიციისა” და “ევროპული საქართველოს” ლიდერები ინაწილებენ:

“ესე იგი ახლახან წავიკითხე, რომ თურმე ოპოზიცია შეთანხმებულა თბილისში საერთო ოპოზიციურ კანდიდატებზე და მათ შორის მეც თურმე დასტური მითქვამს. არ ვიცი, ვინ რატომ მისცა თავის თავს უფლება, მე და სამოქალაქო მოძრაობას პოლიტიკური ბედი გადაგვიწყვიტოს?! რატომ გადაწყვიტა ნაციონალურმა მოძრაობამ, რომ უნდა მიგვითითოს, სად ვინ დავაყენოთ კანდიდატურები, ან სად ვის კონკრეტულად უნდა დავუჭიროთ მხარი? სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ მცირე აზრთა გაცვლა -გამოცვლის მიღმა არანაირი სხვა კომუნიკაცია არ ყოფილა.

არანაირ კანდიდატებზე ჩვენ თანხმობა არ გვითქვამს. ეს ხარბი ზნე, როგორც ჩანს, ნაციონალურმა მოძრაობამ ვერ მოიშალა. ჯერ იყო და, პროპორციული არჩევნების მოპოვება დაიბრალეს და ახლა საკუთარი ჭკუით და გემოვნებით გაგვანაწილეს თბილისში. კარგად დაიმახსოვროს ყველამ – ჩვენ საერთო ოპოზიციურ ფორმატში ვართ მხოლოდ და მხოლოდ პროპორციული არჩევნების და პატიოსანი საარჩევნო სისტემის მოპოვების მიზნისთვის! რომელი კანდიდატი სად დავდგებით და ვის დავუჭერთ ან არ დავუჭერთ მხარს, ამას გადავწყვეტთ ჩვენ თვითონ და არავითარ შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობის, ან მეორე ნაციონალური მოძრაობის კარნახით”, – წერს ალეკო ელისაშვილი ფეისბუკზე.

“მთავარი არხის” ინფორმაციით, შალვა ნათელაშვილი, დავით ბაქრაძე, ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, ხატია დეკანოიძე, გიორგი ვაშაძე და ზაალ უდუმაშვილი 2020 წლის არჩევნებში თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში იყრიან კენჭს.

აღსანიშნავია, რომ ამ სიაში მოცემული ადამიანების ნაწილმა დაადასტურა საკუთარი მზაობა კენჭი იყაროს მაჟორიტარ კანდიდატად, თუმცა, მათ თქმით, გადაწყვეტილი არ არის, რომელ ოლქში იყრიან კენჭს.

ოპოზიცია მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით კოორდინაციაზე თანხმდება და მაჟორიტარულ ოლქებში ერთმანეთისთვის კონკურენტების დაყენებას არ აპირებენ იმ შემთხვევაში, თუ საპარლამენტო არჩევნები არსებული, შერეული საარჩევნო სისტემის პირობებში ჩატარდება.

ოპოზიციის 7 მაჟორიტარი კანდიდატის ვინაობა ცნობილია – “მთავარი არხი”

მასალების გადაბეჭდვის წესი