ახალი ამბები

ფსიქოლოგიური ძალადობა და არაფორმალური დასჯა – ომბუდსმენი N3 ციხეზე

25 თებერვალი, 2020 • 1304
ფსიქოლოგიური ძალადობა და არაფორმალური დასჯა – ომბუდსმენი N3 ციხეზე

სახალხო დამცველთან არსებული პრევენციის ეროვნული მექანიზმის ანგარიშის თანახმად, გარკვეული პროგრესის მიუხედავად, სასჯელაღსრულების N3 დაწესებულებაში ისევ აქვს ადგილი პატიმრებზე ფსიქოლოგიურ ძალადობას და არაფორმალურ დასჯას.

ანგარიშში, რომელიც 2019 წლის 16-17 სექტემბერს N3 პენიტენციურ დაწესებულებაში მონიტორინგის ვიზიტს აჯამებს, 25 თებერვალს გამოქვეყნდა.

ანგარიშში წერია, რომ სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს — იმ ჯგუფს, რომელიც მონიტორინგს ატარებდა — ვიზიტისას არ მიუღია ინფორმაცია დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან პატიმრების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შესახებ;

ამასთან, ანგარიში საუბრობს ზოგადად თანამშრომლების მხრიდან პატიმრების მიმართ გამოსწორებულ დამოკიდებულებაზე.

თუმცა იქვე აღნიშნულია, რომ „დაწესებულებაში არსებული დოკუმენტაციის შესწავლისა და პატიმრებისგან მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ დაწესებულებაში ისევ აქვს ადგილი პატიმართა მიმართ ფსიქოლოგიურ ძალადობასა და არაფორმალურ დასჯას, რაც პრობლემური ქცევის პატიმრების დამორჩილების მიზნით დეესკალაციის ოთახში ხანგრძლივად მოთავსებაში გამოიხატება“.

სახალხო დამცველისა და სპეციალური პრევენციული ჯგუფის შეფასებით, დეესკალაციის ოთახში პატიმრების ხანგრძლივი, არამიზნობრივი და დასჯის მიზნით მოთავსების არსებული პრაქტიკა სასტიკ, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას წარმოადგენს.

დეესკალაციის ოთახი უნდა გამოიყენებოდეს იმ შემთხვევაში, თუკი პატიმრობაში მყოფი ადამიანი თვითდაზიანებას იყენებს ან შესაძლოა სხვა დააზიანოს.

როგორ იყენებენ დეესკალაციის ოთახს?

დოკუმენტი აღწერს, თუ როგორ იყენებენ დეესკალაციის ოთახს პატიმრების დასასჯელად:

„ისევ გრძელდება პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც, პატიმარი ფაქტიურად უწყვეტად რამდენიმე დღის განმავლობაში მოთავსებული იყო დეესკალაციის ოთახში. როგორც ვიზიტის შედეგად გაირკვა, დეესკალაციის ოთახებში პატიმრების გადაყვანა უმეტეს შემთხვევაში ხდება მაქსიმალური ვადით (72 საათით) და ადგილი აქვს დეესკალაციის ოთახში ერთი და იგივე პირის ფაქტობრივად უწყვეტ მოთავსებას წუთებისა და საათების ინტერვალებით. ამასთან, ზოგიერთ შემთხვევებში გამოყვანისა და შეყვანის დროს ერთი და იგივეა, რაც აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ პატიმრის გამოყვანა ხდება ფორმალურად მისი საკანში ხელახალი დაბრუნების მიზნით. ასე მაგალითად, ერთ შემთხვევაში პატიმარი დეესკალაციის ოთახში რამდენიმე წუთისა და საათების ინტერვალებით გადაყვანილ იქნა 11-ჯერ“.

წყარო: სახალხო დამცველის ანგარიში

ეს პატიმარი, მონტიორინგის ჯგუფის ცნობით, მითითებულ პერიოდში დეესკალაციის ოთახში მთლიანობაში იმყოფებოდა 17 დღე-ღამის განმავლობაში.

კიდევ ერთი პატიმარი რამდენიმე წუთის ან საათის ინტერვალით მთლიანობაში 9 დღე იყო ასეთ ოთახში, კიდევ ერთი – 17 დღე, მეოთხე კი – 8 დღის განმავლობაში.

„პატიმრის დეესკალაციის ოთახში ხანგრძლივი მოთავსება წინააღმდეგობაში მოდის წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის სტანდარტებთან, რომლის მიხედვითაც, დეესკალაციის ოთახში პირის მოთავსების მაქსიმალური დრო არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს 24 საათზე მეტი“, – წერს ომბუდსმენი.

დეესკალაციის ოთახის არამიზნობრივი გამოყენება

მონიტორინგში აღსანიშნულია ისიც, რომ დეესკალაციის ოთახში მოთავსებამდე ან მოთავსების პარალელურად არ ხდება მულტიდისციპლინური გუნდის მუშაობა, კრიზისის გამომწვევი მიზეზების შესწავლისა და მათი აღმოფხვრის მიზნით.  არადა, „დეესკალაციის ოთახში პატიმრის მოთავსება უნდა ემსახურებოდეს, მათ შორის, პატიმრის მიერ საკუთარი თავის დაზიანების თავიდან აცილების მიზანს“.

„ამასთან, საგულისხმოა, რომ N3 დაწესებულების დეესკალაციის ოთახები არ არის მოწყობილი იმგვარად, რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი თვითდაზიანების რისკი და ამ ოთახებში არსებული პატიმრობის პირობები ხშირად ხდება ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრების ფსიქოემოციური მდგომარეობის გაუარესების მიზეზიც“, – წერია ანგარიშში.

დაწესებულებაში ფსიქო-სოციალური მხარდამჭერი სერვისების და სიტუაციის მართვის სხვა რესურსის არარსებობის გამო, ომბუდსმენი წერს, რომ ადმინისტრაცია დეესკალაციის ოთახში ხანგრძლივი დროით ათავსებს პატიმარს, რომელსაც აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები და მისი ფსიქო-ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე, არსებობს სხვისი ან საკუთარი თავის დაზიანების რისკი.

„ამასთანავე, რამდენიმე შემთხვევაში ადგილი ჰქონდა აღნიშნული პატიმრების მიმართ დეესკალაციის ოთახში ხელბორკილების გამოყენებას. სახალხო დამცველი/სპეციალური პრევენციული ჯგუფი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრების დეესკალაციის ოთახში ხანგრძლივად მოთავსება, ხელბორკილის გამოყენება და სათანადო ფსიქიატრიული დახმარების მიუწოდებლობა არღვევს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მე-15 მუხლის მოთხოვნებს და წარმოადგენს სასტიკ, არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას“.

სახალხო დამცველი და სპეციალური პრევენციული ჯგუფი მიიჩნევენ, რომ დეესკალაციის ოთახებში ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრების მოთავსება უნდა იყოს მხოლოდ უკიდურესი ზომა და ამ ღონისძიების გამოყენებამდე, უსაფრთხოების მიზნის მისაღწევად, დაწესებულების პერსონალმა უნდა გამოიყენოს სხვა, შედარებით ნაკლებად შემზღუდველი საშუალებები, როგორიც არის პერსონალის მიერ უშუალო მეთვალყურეობა და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა.

„იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული საშუალებები არასაკმარისია, დეესკალაციის ოთახში გადაყვანა უნდა გამოიყენებოდეს როგორც იმწუთიერი, გადაუდებელი ღონისძიება, რომლის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს და პარალელურად, უზრუნველყოფილი უნდა იყოს პატიმრისთვის მულტიდისციპლინური ჯგუფის (ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკის, ექიმის და საჭიროების შემთხვევაში, ფსიქიატრის) მიერ ადეკვატური დახმარების გაწევა“, – წერია ანგარიშში.

ამასთან, მათი რეკომენდაციით, თუ დეესკალაციის ოთახში 24 საათით მოთავსება და მულტიდისციპლინური გუნდის მუშაობა არასაკმარისი იქნება ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრის უსაფრთხოების დაცვის მიზნის მისაღწევად, ის დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების ფსიქიატრიულ განყოფილებაში ან სხვა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში.

რეკომენდაციები

აღწერილი სიტუაციის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი იუსტიციის მინისტრს მოუწოდებს:

  • N3 პენიტენციური დაწესებულების დებულებაში შევიდეს ცვლილება და გაიწეროს, რომ დეესკალაციის ოთახში პატიმრის მოთავსება შესაძლებელია განხორციელდეს, როგორც უკიდურესი ღონისძიება და ამ ღონისძიების გამოყენებისას დასაბუთდეს, თუ რატომ ჩაითვალა, რომ დეესკალაციის ოთახში მოთავსება წარმოადგენს უალტერნატივო ღონისძიებას.
  • ასევე, დებულებაში გაიწეროს, რომ დეესკალაციის ოთახის გამოყენებამდე, დაწესებულების პერსონალმა უნდა გამოიყენოს სხვა, შედარებით ნაკლებად შემზღუდველი საშუალებები, როგორიც არის პერსონალის მიერ უშუალო მეთვალყურეობა და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა;
  • დეესკალაციის ოთახში მოთავსების მაქსიმალურ ვადად განისაზღვროს 24 საათი და იმ შემთხვევაში, თუ 24 საათის შემდეგ არ აღმოიფხვრება დეესკალაციის ოთახში მოთავსების საფუძველი, პატიმარი დაუყოვნებლივ იქნას გადაყვანილი N18 სამკურნალო დაწესებულების ფსიქიატრიულ განყოფილებაში ან სხვა სამოქალაქო ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, ადეკვატური ფსიქიატრიული დახმარების მისაღებად
  • დეესკალაციის ოთახში მოთავსებისას უზრუნველყოფილ იქნეს ფსიქოლოგის, ფსიქიატრის, სოციალური მუშაკის, ექიმის და დაწესებულების სხვა სამსახურების თანამშრომლების ერთობლივი, მულტიდისციპლინური მუშაობა რისკების შესამცირებლად/აღმოსაფხვრელად
  • დეესკალაციის ოთახებში შეიქმნას უსაფრთხო გარემო, მათ შორის,
    რბილი მასალით კედლებისა და იატაკის მოპირკეთების გზით
  • იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სისტემური შემოწმების ჩატარების გზით:
    • უზრუნველყოს N3 პენიტენციურ დაწესებულებაში ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრების დეესკალაციის ოთახებში ხანგრძლივად მოთავსების, ხელბორკილების გამოყენების და ფსიქიატრიული დახმარების მიუწოდებლობის პრაქტიკის შესწავლა და თანმდევი რეაგირება, პატიმრების არასათანადო მოპყრობის პრევენციის მიზნით
    • უზრუნველყოს N3 პენიტენციურ დაწესებულებაში, დეესკალაციის ოთახებში, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, დასჯის მიზნით პატიმრების გადაყვანის პრაქტიკის შესწავლა და თანმდევი რეაგირება, პატიმრების არასათანადო მოპყრობის პრევენციის მიზნით
  • N3 პენიტენციური დაწესებულების დებულებებში ცვლილებების შეტანის გზით განისაზღვროს პატიმრების განცალკევების მაქსიმალური ვადა, ასევე, განცალკევების ღონისძიების გადასინჯვის ვალდებულება, ამ ღონისძიების გამოყენებიდან 14 დღის შემდეგ და შემდგომში, ამავე დროის ინტერვალით;

მასალების გადაბეჭდვის წესი