ახალი ამბები

TI მოუწოდებს აჭარის ტვ-ს მენეჯმენტს, ნუ შეზღუდავს ჟურნალისტების დამოუკიდებლობას

25 თებერვალი, 2020 • 877
TI მოუწოდებს აჭარის ტვ-ს მენეჯმენტს, ნუ შეზღუდავს ჟურნალისტების დამოუკიდებლობას

არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” განცხადებით, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენები ადასტურებს, რომ ხელმძღვანელობის მიერ ბოლო დროს მიღებული გადაწყვეტილებები კრიტიკული საერდაქციო პოლიტიკის შეცვლას, მენეჯმენტის მიმართ კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებზე ზეწოლას და მათი დამოუკიდებლობის შეზღუდვას ემსახურება.

“აჭარის ტელევიზია ყოფილი დირექტორის, ნათია კაპანაძის მმართველობის დროს ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან დადებითად შეფასდა, როგორც პოლარიზებულ მედიაგარემოში დაბალანსებული და მიუკერძოებელი კომპანია. თუმცა ამ ფონზე მრჩეველთა საბჭომ კაპანაძე თანამდებობიდან, დასაბუთების გარეშე, იმპიჩმენტის წესით გაათავისუფლა. ახალი დირექტორის არჩევა ბევრი მცდელობისა და 6 თვისთავზე ახალი მრჩეველთა საბჭოს დაკომპლექტების შემდეგ მოხერხდა. თავად მრჩეველთა საბჭო მკვეთრი დაპირისპირების ფონზე დაკომპლექტდა.

საბოლოოდ, საბჭოში, რომელმაც გიორგი კოხრეიძე დირექტორად აირჩია, მოქმედი ოთხი წევრიდან სამი „ქართული ოცნების“ კვოტით იყო წარმოდგენილი. კოხრეიძემ დირექტორად არჩევის დღესვე ჟურნალისტებს კრიტიკული ტონი დაუწუნა. პრობლემები შეექმნა დირექტორის მოადგილეს, ნათია ზოიძეს, რომელმაც მრავალჯერ განაცხადა მასზე განხორციელებულ ზეწოლასთან დაკავშირებით. მოგვიანებით, ზოიძეს ხელშეკრულების პირობები შეუცვალეს და მან ტელევიზია დატოვა. ზოიძის წასვლას საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ გამოეხმაურა და „პოლიტიკურ ზეწოლად“ შეაფასა”, – წერია განცხადებაში, რომელიც “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” 25 თებერვალს გაავრცელა.

გარდა ამისა, განცხადებაში აღნიშნულია, რომ აჭარის ტელევიზიის ახალი ამბების საინფორმაციო სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის შტატის გაუქმება ტელევიზიის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის მხრიდან ახალი ამბების რედაქციიდან მისთვის არასასურველი ადამიანების ჩამოშორებას ემსახურება. ასევე, განცხადებაში ვკითხულობთ, რომ კოხრეიძე გადაცემა “ჰეშთეგის” ერთ-ერთ წამყვანს, მალხაზ რეხვიაშვილს წამყვანის პოზიციის დატოვებისკენ მოუწოდებს, რადგან რეხვიაშილი ტელევიზიაში შექმნილი ალტერნატიული პროფკავშირების თავმჯდომარეა. ასევე, განცხადების მიხედვით, სადავო დისციპლინური წარმოება მიმდინარეობს საინფორმაციო სამსახურის უფროსის, შორენა ღლონტის წინააღმდეგაც.

“მოვლენების ასეთმა განვითარებამ ცხადყო, რომ მიმდინარე ცვლილებების მიზანი ტელეარხის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაა. სამწუხაროა, რომ მრჩეველთა საბჭოს მმართველი პარტიის კვოტით არჩეული წევრები საკუთარი ქმედებებით ხელს უწყობენ ტელევიზიაში არსებული სიტუაციის დამატებით ესკალაციას და არ იცავენ ჟურნალისტების უფლებებს”, – წერია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს და მენეჯმენტს მოუწოდებს, შეწყვიტონ ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს ჟურნალისტების დამოუკიდებელი საქმიანობის შეზღუდვას და სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ასევე მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, გამოიძიოს ჟურნალისტებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტები. გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიმართავს, დაინტერესდეს ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებით და მოაწყოს საჯარო განხილვა.


აჭარის ტელევიზიაში ცვლილებები მას შემდეგ დაიწყო, რაც დირექტორი ნათია კაპანაძე 2019 წლის გაზაფხულზე თამამდებობიდან გადააყენეს. მაშინ ნათია კაპანაძემ აღნიშნული დაუკავშირა ხელისუფლების მიერ ტელევიზიის გაკონტროლების სურვილს. მას შემდეგ ტელევიზიის დირექტორის მოვალეობას დირექტორის მოადგილე ნათია ზოიძე ასრულებდა, რომელსაც ახალმა დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ ფუნქციები შეუკვეცა.

ზოიძემ ამის შემდეგ აჭარის მაუწყებელი საერთოდ დატოვა. აჭარის ტელევიზიის თანამშრომლები უკვე რამდენიმე თვეა საუბრობენ ხელისუფლებიდან მომდინარე საფრთხეზე. მათი აზრით, ტელევიზიაში მიმდინარე პროცესები მიზნად ისახავს საკვანძო თანამდებობებიდან იმ ადამიანების გაშვებას, რომლებიც ამ ტელეარხის დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სარედაქციო პოლიტიკას განსაზღვრავენ.

აჭარის ტვ-ის საინფორმაციოს რედაქტორ მაია მერკვილაძეს ნინო ხაჟომია ჩაანაცვლებს

მასალების გადაბეჭდვის წესი