ახალი ამბები

არსებობს მაჭავარიანის იმპიჩმენტის საფუძველი – საია

25 თებერვალი, 2020 • 1213
არსებობს მაჭავარიანის იმპიჩმენტის საფუძველი – საია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) შეფასებით, ფინანსთა მინისტრმა კონსტიტუციისა და რეგლამენტის მოთხოვნები დაარღვია, რაც მისი იმპიჩმენტის დაწყების საფუძველს წარმოადგენს.

საიას ინფორმაციითვე, კონსტიტუციის მიხედვით მთავრობის წევრი, მოთხოვნის შემთხვევაში, ვალდებულია დაესწროს კომიტეტის სხდომებს, პასუხი გასცეს დასმულ შეკითხვებს და წარმოადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში.

კონსტიტუციის გარდა, მთავრობის წევრების ვალდებულებას პარლამენტის რეგლამენტიც განსაზღვრავს. რეგლამენტის თანახმად, პირი კომიტეტის უმრავლესობის ან ფრაქციის მოთხოვნის შემთხვევაშია ვალდებული დაესწროს კომიტეტის სხდომას. ერთადერთი, როცა შესაძლებელია ის არ გამოცხადდეს დათქმულ დროს და შეცვალოს დღე, მოწვევის ინიციატორთან შეთანხმებაა.

“იგი ვალდებული იყო გამოცხადებულიყო საკანონმდებლო ორგანოში. ამ ვალდებულებას არც თავად მინისტრი უარყოფს, თუმცა, მისი აზრით, საკითხს სხვაგვარად უნდა შევხედოთ.  ივანე მაჭავარიანის განცხადებით, უგულებელყოფის მიზეზი რამდენიმე დღის წინ „მინისტრის საათის“ ფარგლებში პარლამენტში წარდგომაა. ამასთან, მან წერილიც კი გააგზავნა კომიტეტში, სადაც მიუთითა, რომ ყველა კითხვას „მინისტრის საათის“ ფორმატში გასცემდა პასუხს.  თუმცა ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ „მინისტრის საათის“ და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის დაბარება ურთიერთჩანაცვლებად საზედამხედველო მექანიზმებს არ წარმოადგენს, ისინი სხვადასხვა მიზნებს ემსახურება”,- აცხადებენ საია-ში.

საიას ცნობითვე, მაჭავარიანის მიერ კონსტიტუციისა და რეგლამენტის დარღვევა,იმპიჩმენტის დაწყების საფუძველს წარმოადგენს, რომელსაც პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის (50 წევრის) მხარდაჭერა სჭირდება. საკითხი გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს, რომლისგან უზენაესი კანონის დარღვევის დადასტურების შემთხევაში, პარლამენტს 76 ხმა სჭირდება მინისტრის გადასაყენებლად.

“ხსენებულ მინისტრთან დაკავშირებით დამატებით უნდა ითქვას, რომ 2018 წლის 6 დეკემბრიდან 2020 წლის 3 თებერვლამდე პერიოდში ივანე მაჭავარიანს დეპუტატებმა 30 კითხვით მიმართეს, რომელთაგან დაახლოებით ნახევარი უპასუხოდ დატოვა, 6-ს დაგვიანებით გასცა პასუხი და მხოლოდ 7 პასუხს მოაწერა ხელი თავად. ეს მაშინ, როცა კონსტიტუციის მიხედვით, „პარლამენტის წევრის კითხვაზე დროული და სრული პასუხის გაცემა სავალდებულოა, ხოლო რეგლამენტი ამბობს, რომ პასუხს ხელს აწერს მხოლოდ მთავრობის წევრი. საერთო ჯამში, ამ მიმართულებით მან კონსტიტუცია და რეგლამენტი 29-ჯერ დაარღვია. ეს მონაცემი დამატებით აჩვენებს, რომ ფინანსთა მინისტრი პარლამენტის მიმართ სათანადო პატივისცემას განგრძობადაც არ გამოხატავს, რაც აძლიერებს მასზე სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების არგუმენტებს”,-აცხადებენ ორგანიზაციაში.

გუშინ, 24 თებერვალს, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრისთვის უნდა მოესმინათ, თუმცა ის პარლამენტში არ მივიდა. მაჭავარიანი პარლამენტში ფრაქცია „დამოუკიდებელმა დეპუტატებმა” მიიწვიეს.

მისვლის შემთხვევაში, მაჭავარიანს შემდეგ საკითხებზე მოუწევდა საუბარი:

  • კერძო სატელევიზიო კომპანიების, „რუსთავი 2“-ის, „იმედის“ და „მაესტროს“, ჯამურად 50 მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფო დავალიანების ამოღების გრაფიკი და აღნიშნული გრაფიკის შეთანხმების საფუძვლები;
  • საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2019 წელს გამოვლენილი 100 მლნ ლარამდე ღირებულების ყალბი აქტივების საკითხზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია და პოზიცია;
  • საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის მიერ 2017 წელს შემოტანილ კანონპროექტზე „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პოზიცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი