ახალი ამბები

“საქართველო იმსახურებს ნატოს წევრობას” – გახარიას სტატია ამერიკულ გამოცემაში

25 თებერვალი, 2020 • 1829
“საქართველო იმსახურებს ნატოს წევრობას” – გახარიას სტატია ამერიკულ გამოცემაში

“საქართველო იმსახურებს ნატოს წევრობას” – ამ სათაურით სტატიას პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აქვეყნებს Washington times-ში. ინფორმაცია პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

სტატია მოსაზრებების/კომენტარის სვეტშია გამოქვეყნებული.

“რუსეთი დღესაც ეწინააღმდეგება საქართველოს სრულფასოვან წევრობას ნატოში; სწორედ ახლა დადგა დრო, ნატომ უპასუხოს ჩვენს მოთხოვნას ნატოშივგაწევრიანებასთან დაკავშირებით”, – წერს გახარია და დასძენს, რომ “ქვეყანას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს შავი ზღვის გეოპოლიტიკური უსაფრთხოებისთვის“.

იგი ასევე საუბრობს თურქეთის ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენელთა მტკიცე მხარდაჭერაზე საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების კუთხით.

„დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ მოუწოდა ნატოში საქართველოს დაუყოვნებლივ მიღებისკენ სრულუფლებიანი წევრის სტატუსით, მიუთითა რა შავ ზღვაზე უსაფრთოების და ნატოს მხრიდან შესაბამის გამოწვევებზე პასუხის გაცემის მზარდ საჭიროებაზე. უკრაინაში ვიზიტის დროს კი თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თურქეთისა და ნატოს მტკიცე დამოკიდებულება შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართ. გარდა ამისა, თურქეთი უკვე დიდი ხანია აღიარებს, რომ შავი ზღვა წარმოადგენს რეგიონის სტრატეგიული კონტექსტის გეოპოლიტიკურ ცენტრს. რუსეთი დღესაც ეწინააღმდეგება საქართველოს სრულფასოვან წევრობას ნატოში. სწორედ ახლა დადგა დრო, ნატომ უპასუხოს ჩვენს მოთხოვნას ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ნატოს ლიდერებმა არაერთხელ აღუთქვეს საქართველოს ნატოს სრული წევრობა და ჩვენ გვჯერა, რომ ნატოში ჩვენი შესვლის წინაშე არსებული გამოწვევები უახლოეს მომავალში გადაიჭრება“, – აცხადებს პრემიერი.

მისივე თქმით, შავი ზღვის უსაფრთხოებას არსებითი მნიშვნელობა აქვს გლობალური მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, საქართველო კი წარმოადგენს ერთგულ პარტნიორს

მეტი საქართველო ნატოში და მეტი ნატო საქართველოში გააძლიერებს შავი ზღვის და დასავლეთის უსაფრთხოებას, ასევე, საქართველოს დემოკრატიას და მზარდ ეკონომიკას”, – წერს გახარია.

მთავრობის მეთაური აცხადებს, რომ საქართველო გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ნატოს სხვა წევრებთან, რათა განამტკიცოს შავი ზღვის უსაფრთხოება, რაც ბოლო წლებში გულისხმობდა ნატოს ოპერაციებისთვის კარგად გაწვრთნილი მებრძოლების მომზადებას და ნატოსა და აშშ-ის თავდაცვითი მოქმედებების გაფართოებას, მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე ტექნიკის განთავსებას და ხშირი ერთობლივი სამხედრო წვრთნების ორგანიზებას.

„ჩვენი მიზანია ერთობლივი წვრთნების გაფართოება, ჩვენი პორტების უფრო აქტიურად ჩართვა და ჩვენი საზღვაო ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარება შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ქართველები სამართლიანად ამაყობენ სასიცოცხლო მნიშვნელობის ტრანსატლანტიკურ ალიანსში შეტანილი უზარმაზარი წვლილით. ჩვენი მიზანია დასავლურ ცივილიზაციასთან და ღირებულებებთან ჩვენი კავშირის და ღრმა ფესვების დემონსტრირება პრაქტიკული მოქმედებებით, რომლებიც აათმაგებს ჩვენს სიმტკიცეს და თავდაცვისუნარიანობას მათ წინააღმდეგ, ვინც ამ ღირებულებებს არ იზიარებს. შავი ზღვის უსაფრთხოებას არსებითი მნიშვნელობა აქვს გლობალური მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, საქართველო კი წარმოადგენს ერთგულ პარტნიორს დასავლური ერთსულოვნების ფარგლებში. სწორედ ამ მიზეზით უნდა შეასრულონ ნატოში ჩვენმა მეგობრებმა თავიანთი დაპირება სასიცოცხლო მნიშვნელობის ამუსაფრთხოების ორგანიზაციაში საქართველოს შესვლასთან დაკავშირებით“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი სტატიაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი