ახალი ამბები

20-21 ივნისის საქმეზე დღეს სასამართლოში პოლიციელებს გამოკითხავენ

25 თებერვალი, 2020 • 861
20-21 ივნისის საქმეზე დღეს სასამართლოში პოლიციელებს გამოკითხავენ

20-21 ივნისის ღამის მოვლენებთან დაკავშრებით დაკავებულiი პირების მორიგი სასამართლო პროცესი დღეს, 25 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოში იმართება.

ერთ-ერთი დაკავებულის, ზურაბ ბუდაღაშვილის დედის, მაგული გობეჯიშვილის თქმით, ბუდაღაშვილს სთხოვდნენ, რომ ხელი დაედო იმ პოლიტიკოსებისთვის, ვინც 20-21 ივნისის ღამეს პარლამენტთან იმყოფებოდა. კერძოდ, ბუდაღაშვილის დედის თქმით, ბუდაღაშვილს სთხოვდნენ ეთქვა, რომ კონკრეტულმა პირებს პარლამენტში შეჭრა ჰქონდათ განზრახული.

გობეჯიშვილის თქმით, ამჟამად მის შვილს ვიდეომასალაზე მხოლოდ საკუთარი თავის იდენტიფიცირებას სთხოვენ, რაც, როგორც ბრალდებულის დედა ამბობს, პირველივე დღეს გააკეთეს.

“თუ დადგება საკითხი, რომ ზურამ რამე უნდა აღიაროს, მხოლოდ იმას აღიარებს, რომ იქ არის ზურაბ ბუდაღაშვილი, რომელსაც ხელკეტი უჭირავს ხელში, რომელსაც გაუჩნდა პროტესტი თვალებდათხრილი ადამიანების დანახვისას. მხოლოდ ამის აღიარებას გვთხოვენ და ამას ჩვენ პირველივე დღიდან ვაღიარებთ”, – განმარტა ჟურნალისტებთან საუბრისას ბუდაღაშვილის დედამ.

რაც შეეხება დღევანდელ პროცესს, დღეს განიხილება 4 დაკავებულის, ბესიკ თამლიანის, ზურაბ ბუდაღაშვილის, ცოტნე სოსელიასა და კახაბერ კუპრეიშვილის საქმეები. ცოტნე სოსელიას ადვოკატის, ლექსო კუპრაიას თქმით, დღევანდელ პროცესზე სამართალდამცავები გამოიკითხებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი