ახალი ამბები

მერია: ამ ეტაპზე სტიქიით დაზარალებულ 16 ოჯახთან არის შეთანხმება მიღწეული

25 ივლისი, 2015 •
მერია: ამ ეტაპზე სტიქიით დაზარალებულ 16 ოჯახთან არის შეთანხმება მიღწეული

საცხოვრებელ ფართთან დაკავშირებით მერია შეთავაზებებს 2015 წლის 5 ივლისს ქ. თბილისის საკრებულოს მიერ დამტკიცებულ 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა ფულადი დახმარების გაცემის წესის საფუძველზე ახორციელებს.


თბილისის მერიის ცნობით, მომხდარი სტიქიის შედეგად მდინარე ვერეს ხეობის და მისი მიმდებარე ტერიტორიის მდგომარეობის შესწავლისა და შემდგომი აღდგენითი სამუშაოების ორგანიზების მიზნით შექმნილმა უწყებათაშორისმა კომისიამ განსაზღვრა ის არეალი, რომელშიც მოხვედრილ მოსახლეობას აღნიშნული წესი შეეხო. მათივე ცნობით, მერიის მხრიდან საწყის ეტაპზე შეთავაზება გაუკეთდა სვანიძის ქუჩისა და წყნეთის ხევში აღნიშნულ არეალში მოხვედრილ 39-ვე ოჯახს. 


ამ 39 ოჯახიდან, მერიის განცხადებით, მოცემულ ეტაპზე შეთანხმება მიღწეულია 16 ოჯახთან, ჯამში, 79 ადამიანთან, რომლებსაც მათთვის გახსნილ საგარანტიო ანგარიშებზე ჩაერიცხებათ 2 537 775 ლარი; 6 ოჯახზე თანხების გადარიცხვა უკვე განხორციელდა და უახლოეს დღეებში საკომპენსაციო თანხას კიდევ 10 ოჯახი მიიღებს.


მერია აცხადებს, რომ დანარჩენ ოჯახებთან მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს.

 

თბილისის მერია აცხადებს, რომ სტიქიით დაზარალებულთათვის ზიანის ანაზღაურების წესი ზარალის ანაზღაურების ორ ვარიანტს ითვალისწინებს”  დაზარალებულებს შესაძლებლობა ეძლევათ, თავად აირჩიონ, თუ რომელი შეთავაზებით სურთ ისარგებლონ. პირველი ვარიანტის მიხედვით, დაზარალებულ ოჯახს საწყის ეტაპზე მიეცემა სულადობის მიხედვით მისთვის განსაზღვრული ფართის საბაზრო ღირებულების ოდენობის თანხა, ხოლო მას შემდეგ, რაც დადასტურდება ოჯახის უძრავი ქონების განსახლების (განსაკუთრებული რისკის მატარებელ) ზონაში მოხვედრა, თბილისის მერია მის უძრავ ქონებას სტიქიამდე არსებული საბაზრო ღირებულებით სრულად გამოისყიდის, რაც გულისხმობს იმ სხვაობის გადახდას, რომელიც არსებობს ოჯახის საკუთრებაში ადრე არსებულ ქონებასა და მერიის მხრიდან პირველს ეტაპზე ოჯახისთვის გაცემულ თანხას შორის. ზარალის ანაზღაურების წესის მეორე ვარიანტის მიხედვით, დაზარალებულ ოჯახს შეუძლია, პირდაპირ მიმართოს მუნიციპალიტეტს და თბილისის მერია მის უძრავ ქონებას საბაზრო ღირებულებით დაუყოვნებლივ გამოისყიდის.


გარდა ამისა, მერია აცხადებს, რომ დაზარალებული ოჯახები მიიღებენ საკომპენსაციო თანხას ავეჯისა და ტექნიკის შესაძენად, რომელიც 8 000 ლარიდან 10 500 ლარამდე მერყეობს და განისაზღვრება სულადობის მიხედვით: 1-2 წევრიანი ოჯახი 8 000 ლარს, 3-4 წევრიანი ოჯახი 8 700-ს, 5-6 წევრიანი ოჯახი 9400-ს, 7 და მეტ წევრიანი ოჯახი 10 500 ლარს მიიღებს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი