ახალი ამბები

თქვენს მინისტრებს, ეტყობა, პარლამენტიც და რეგლამენტიც ფეხზე ჰკიდიათ – კობერიძე

24 თებერვალი, 2020 • 900
თქვენს მინისტრებს, ეტყობა, პარლამენტიც და რეგლამენტიც ფეხზე ჰკიდიათ – კობერიძე

პარლამენტის წევრი ლევან კობერიძე რეგლამენტის დარღვევის გამო ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრების პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს.

კობერიძე, რომელიც ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ფინანსთა მინისტრს პარლამენტში იბარებდა ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე, ამბობს, რომ რეგლამენტის ფარგლებში ვადაც კი გადაწიეს, რათა თარიღი ვანო მაჭავარიანითვის მისაღები ყოფილიყო, თუმცა მინისტრი დღეს პარლამენტში მაინც არ მივიდა.

“ეტყობა, მინისტრის საათსა და საკომიტეტო მოსმენაზე ფრაქციის მიერ დაბარებას, სავარაუდოდ, ერთმანეთისგან ვერ ასხვავებს. ჩვენ მოვისმინეთ მისი მოხსენება [მინისტრის საათის ფორმატის ფარგლებში], რომ ქვეყანაში ყველაფერი ბრწყინვალედ არის. მეტიც, ის პასუხები, რომელიც ამ ფორმატში მოვისმინეთ, ჩვენი კითხვების საპასუხო არ იყო. არც [მიღებული] ინფორმაცია იყო დამაკმაყოფილებელი.  ვფიქრობ, როგორც ჯანდაცვის, ისე ფინანსთა მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დააყენოთ, ალბათ, გუნდის შიგნით, რადგან თუ საპარლამენტო ზედამხედველობაზე ვსაუბრობთ, მგონია, რომ თქვენს მინისტრებს, ბოდიში და, ეტყობა, პარლამენტიც და რეგლამენტიც სულ ცალ ფეხზე ჰკიდიათ”, – განაცხადა კობერიძემ ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე.

დღეს, 24 თებერვალს, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრისთვის უნდა მოესმინათ, თუმცა ის პარლამენტში არ მივიდა. მაჭავარიანი პარლამენტში ფრაქცია „დამოუკიდებელმა დეპუტატებმა” მიიწვიეს. კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ მინისტრის მიერ რეგლამენტის ფარგლებში კომიტეტზე არმისვლა შემდეგნაირად დაასაბუთა:

“ის რჩება იმ წერილში გამოთქმულ მოსაზრებების ერთგული, რომელიც მან მოიწერა. სადაც ამბობს, რომ თანახმა არის მოვიდეს სესიაზე და ყველა ეს საკითხი ახსნას და თუ კითხვები იქნება, კომიტეტზეც გააგრძელოს [პასუხი]. მასთან კომუნიკაცია მქონდა, რათა დამერწმუნებინა რეგლამენტის სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღებაში… არგუმენტი ადამიანურად გასაგებია, თუმცა ვფიქრობ, რომ რეგლმენტი უფრო მნიშვნელოვანია. მაგრამ ის თავის პოზიციაზე რჩება.”

მასალების გადაბეჭდვის წესი