ახალი ამბები

კომპანიებს ჩინეთიდან მუშახელის შემოყვანისგან თავის შეკავება მოვთხოვეთ – გზების დეპარტამენტი

23 თებერვალი, 2020 • 1329
კომპანიებს ჩინეთიდან მუშახელის შემოყვანისგან თავის შეკავება მოვთხოვეთ – გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის აცხადებს, რომ მათს მართვაში არსებულ პროექტებზე დასაქმებულ ჩინურ კომპნიებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან დამატებითი სამუშაო ძალის შემოყვანაზე დროებით თავის შეკავება მოსთხოვეს.

გზების დეპარტამენტი, თავის მხრივ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.

გზების დეპარტამენტის განმარტებით, „შეზღუდვა გაგრძელდება იმ დრომდე, სანამ შესაბამისი სამსახურები არ დარწმუნდებიან, რომ კომპანიები სათანადოდ იცავენ დაავადების პრევენციისთვის საჭირო ყველა სტანდარტსა და რეკომენდაციას“.

შეზღუდვის დაწესებას წინ უძღოდა მედიაში ცნობების გავრცელება, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ საქასრიაში ავტომაგსიტრალის სამშენებლო ობიექტზე ჩინეთის შვიდი მოქალაქე მუშა ისე მიიყვანეს, რომ კარანტინში არ ჰყოლიათ.

ინფორმაცია „მთავარმა არხმა“ გაავრცელა. კორონავირუსი, რომლისგან თავის დასაცავადაც დღეს საქართველომ ფრენები შეაჩერა ირანთან, ჩინეთიდან, ქალაქ ვუჰანიდან გავრცელდა.

გზების დეპარტამენტის თქმით, შეზღუდვის დაწესება განაპირობა „22 თებერვალს ჩინეთიდან ჩამოსული ერთ-ერთი კომპანიის თანამშრომლების განთავსებასთან დაკავშირებით გაჩენილმა კითხვებმა“.

„მთავარ არხთან“ ადგილობრივი დასაქმებულები ამბობდნენ, რომ მუშაობას პროტესტის ნიშნად წყვეტდნენ, რადგან თვლიდნენ, რომ სარისკო იყო მუშაობა ადამიანებთან, რომლებსაც კარანტინი გამოვლილი არ ჰქონდათ.

გზების დეპარტამენტის განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე, ჩქაროსნული მაგისტრალის ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებელი კომპანია „ჰუნანის“ სახელით გავრცელდა განცხადება, სადაც წერია, რომ „22 თებერვალს, ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული შვიდი თანამშრომელი, პრევენციის მიზნით, სამშენებლო ბანაკის ტერიტორიაზე მდებარე ცალკე საცხოვრებელში განთავსდა“.

„ჩინეთის შვიდივე მოქალაქემ საქართველოს საზღვარზე გაიარა სავალდებულო სამედიცინო შემოწმება. შემოწმების პროცესში ჩართული იყო დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეგიონული წარმომადგენელი.

მიუხედავად იმისა, რომ არც ერთ მათგანს ვირუსის არანაირი სიმპტომი არ აღენიშნება და არც ერთი მათგანი არ არის ჩინეთის ქალაქ უხანიდან, კომპანიის გადაწყვეტილებით, შვიდივე თანამშრომელი სამშენებლო ბანაკის იზოლირებულ შენობაში გაივლის საკარანტინო პერიოდს.

ამასთან, ჩინეთის მოქალაქეებზე მუდმივ სამედიცინო მეთვალყურეობას კომპანიის ექიმი განახორციელებს“, – წერია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი