კვირიკაშვილის განცხადებით, სამი წლის წინ სახელმწიფოს მხრიდან ენერგომომწოდებლებთან ერთად იქნა გადაწყვეტილება მიღებული ტარიფის 3,54 თეთრით კლების შესახებ; დღეს დღგ-ს გარეშე ხდება 3,48 თეთრით მომატება.
„ვფიქრობ, იმის მერე, რაც წინა გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ბევრი რამ შეიცვალა – მოთხოვნა არის მნიშვნელოვნად გაზრდილი, ასევე მოხდა დევალვაცია როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე ბევრ ქვეყანაში, ანუ მოხდა დოლარის გამყარება. ვინაიდან ჩვენ ვართ ენერგეტიკაში იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა, ამის გარდა ბევრ ენერგოკომპანიას აქვს დოლარში ვალდებულებები, სახელმწიფომ, რა თქმა უნდა, გაგებით უნდა შეხედოს მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებას, რათა შენარჩუნებული იქნეს ენერგეტიკის სისტემის მდგრადობა, უწყვეტი მიწოდება და განვითარდეს ენერგეტიკის ინფრასტრუქტურა. რაც შეეხება სოციალურად ყველაზე დაუცველ ფენას, სახელმწიფო მხოლოდ ამ ნაწილში მოახდენს სუბსიდირებას. ეს არ არის ფუფუნება. ეს არის აუცილებლობით გამოწვეული სუბსიდირება,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
1 აგვისტოდან სემეკის დღევანდელი გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი 3.95 თეთრით გაძვირდება.
