ახალი ამბები

მერაბიშვილთან ერთად ერთ პოლიტიკურ გაერთიანებაში არ ვიქნები – შავგულიძე

21 თებერვალი, 2020 • 1722
მერაბიშვილთან ერთად ერთ პოლიტიკურ გაერთიანებაში არ ვიქნები – შავგულიძე

“თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენლის, შალვა შავგულიძის თქმით, არ განიხილავს პერსპექტივას, რომ იქნება იმ პოლიტიკურ გაერთიანებაში, რომელსაც ვანო მერაბიშვილი შეუერთდება. ამის შესახებ შავგულიძემ “ტელეკომპანია პირველთან” საუბრისას განაცხადა:

“თავისუფალი დემოკრატები და ევროპული საქართველო ერთმანეთს განვიხილავთ პარტნიორ პოლიტიკურ ძალებად. ჩვენ “ევროპულ საქართველოსთან” გვაქვს ყველაზე ახლო პარტნიორული ურთიერთობა ქართულ პოლიტიკურ სპექტრს შორის და ამ ერთიანობამ საკმაოდ კარგ გამოცდას გაუძლო მთაწმინდის შუალედურ არჩევნებზე. რაც შეეხება ამ გარემოებას, მოდით, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, შევხედოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მერაბიშვილი. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ პარტნიორობას გავაგრძელებთ, მაგრამ აქვე ვიტყვი, რომ “თავისუფალი დემოკრატები” და პირადად მე არ განვიხილავთ პერსპექტივას, რომ ვიქნებით რაიმე პოლიტიკურ გაერთიანებაში, რომლის წევრიც უშუალოდ იქნება ვანო მერაბიშვილი”, – განაცხადა შავგულიძემ.

შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ მერაბიშვილის რომელიმე პოლიტიკურ ძალაში დაბრუნება საფრთხეს არ შეუქმნის “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში გამართულ მოლაპარაკებების პროცესს, სადაც თითქმის ყველა ოპოზიციური პარტიაა გაერთიანებული. მათ შორის არიან “ევროპული საქართველოს” და “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენლებიც.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა 6 წლისა და 9 თვის შემდეგ საპატიმრო გუშინ, 20 თებერვალს დატოვა. საპატიმროს დატოვებისთანავე მერაბიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ პოლიტიკას უბრუნდება, თუმცა ამ დრომდე უცნობია, კონკრეტულად რომელ პოლიტიკურ ძალას შეუერთდება ის.

მასალების გადაბეჭდვის წესი