ნეტგაზეთი | ივანიშვილის ამოცანაა ოპოზიციაში დისონანსის შეტანა – უდუმაშვილი ივანიშვილის ამოცანაა ოპოზიციაში დისონანსის შეტანა – უდუმაშვილი – Netgazeti

ივანიშვილის ამოცანაა ოპოზიციაში დისონანსის შეტანა – უდუმაშვილი

ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი, ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ გაერთიანებული ოპოზიციისთვის ახლა უმთავრესი ამოცანა მაჟორიტატული ოლქებისთვის კანდიდატების შერჩევაა.

დღეს „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიცია მორიგ შეხვედრას მართავს, მანამდე კი პოლიტიკოსები სამომავლო გეგმებზე ჟურნალისტებს ესაუბრებიან.

მათ შორის არის ზაალ უდუმაშვილიც, რომელიც ამბობს, რომ ოპოზიცია ხელისუფლებასთან დიალოგზე არ ფიქრობს.

“ჩვენ ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს და მას მივყვებით. ჩვენთვის ახლა მთავარია დავაკომპლექტოთ მაჟორიტარული ოლქები, ყველა ოლქში კი აუცილებლად იქნება ოპოზიციის კანდიდატი.

ჩვენ ასევე ვემზადებით 4 აპრილის აქციისთვის. ეს იქნება დიდი და მასშტაბური აქცია – ასე რომ, სამუშაო ძალიან ბევრი გვაქვს“, – ამბობს უდუმაშვილი.

რაც შეეხება ხელისუფლების შეთავაზებას, არჩევნების ე.წ. 100/50 პრინციპით (100 პროპორციულად არჩეული დეპუტატი, 50 – მაჟორიტარულად) ჩატარებაზე, უდუმაშვილი დასძენს, რომ ამაზე ოპოზიციამ უარი დიდი ხნის წინ თქვა.

„გასაგებია ივანიშვილის გეგმა, მისი ამოცანაა, ოპოზიციაში გარკვეული დისონანსი შეიტანოს და იმოქმედოს – დაშალე და იბატონე გეგმით. მაგრამ ჩვენ ჩვენი გეგმა გავქვს და ეს გეგმა არის ის, რომ ძალა ერთობაშია.

ვერ დააზარალებს ამ ერთობას, მიუხედავად იმისა, რომ ყველა პარტიას აქვს უფლება, ისაუბროს მმართველ გუნდთან“, – ამბობს უდუმაშვილი და დასძენს, რომ „გირჩს“ თალაკვაძესთან შეხვედრის შესახებ არ დაუმალავს.

ჟურნალისტებმა უდუმაშვილს ასევე ჰკითხეს ვანო მერაბიშვილის პოლიტიკური მომავლის შესახებ. მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე გუშინ დატოვა და თქვა, რომ პოლიტიკაში დაბრუნდება. უდუმაშვილმა თქვა, რომ კონკრეტული გეგმების შესახებ არაფერი იცის, თუმცა:

„მოლაპარაკების ამ მაგიდაზე ზის უამრავი ადამიანი, რომელიც რამდენიმე თვის წინ ერთმანეთთან ძალიან ცუდ პოლიტიკურ ურთიერთობაში იყო. ყველამ გადავდეთ ძველი წყენები, იმიტომ, რომ სერთო მიზანი გვაქვს.

ნებისმიერი პოლიტიკური წყენები, ნებისმიერი პარტია, რომელიც გადაწყვეტს, რომ მონაწილეობა მიიღოს ამ ბრძოლაში და თავისი წვლილი შეიტანოს ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლაში, ყველა მისასალმებელია“, – ამბობს ის.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან