ნეტგაზეთი | ყალბი დოკუმენტების დამზადებაში ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო ყალბი დოკუმენტების დამზადებაში ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო – Netgazeti
RU | GE  

ყალბი დოკუმენტების დამზადებაში ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩადენილ არაერთგზის თაღლითობაში, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

უწყების განცხადებით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ თაღლითობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, შპს „DGT ექსპრეს კრედიტის“ პრობლემური სესხების მენეჯერი პ.ჯ., 2018 წლის აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით, მოტყუებით დაეუფლა შპს „DGT ექსპრეს კრედიტის“ ხუთი მსესხებლის მიერ სესხებზე პროცენტის სახით გადახდილ, საერთო ჯამში, 9,935 ლარს.

ბრალდების ვერსიით, 2018 წლის სექტემბერში პ.ჯ.-მ, მის მიერვე დამზადებული ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებით, ისარგებლა შპს „DGT ექსპრეს კრედიტის“ ხელმძღვანელი პირების ნდობით და თითქოსდა მის სამსახურებრივ სარგებლობაში არსებული „ტოიოტა არისტოს“ მარკის ავტომანქანის შესაკეთებლად, მოტყუებით დაეუფლა შპს „DGT ექსპრეს კრედიტის“ კუთვნილ 2200 ლარს:

“სამართალდამცველებმა პ.ჯ. 2019 წლის 6 მაისს ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით (6 ეპიზოდი)), 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა”, – აცხადებენ უწყებაში.

პროკურატურის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ პ.ჯ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.