ახალი ამბები

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი ჩინეთიდან ევაკუირებულებთან, კარანტინში დარჩება

21 თებერვალი, 2020 • 3178
უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი ჩინეთიდან ევაკუირებულებთან, კარანტინში დარჩება

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის, ზორიანა სკალეტსკას თქმით, სოლიდარობის ნიშნად ჩინეთიდან ევაკუირებულ მოქალაქეებთან ერთად კარანტინში დარჩება.

ფეისბუკზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ის წერს, რომ ევაკუირებულ მოქალაქეებთან ერთად დაკვირვების ქვეშ 14 დღე დარჩება – „იმავე შენობაში და იმავე პირობებში“.

მინისტრმა ამის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც 20 თებერვალს ჩინეთიდან მოქალაეების ევაკუაცია უკრაინის ქალაქ ნოვი სანჟარიში, სპეციალურად მოწყობილ სამედიცინო ცენტრში მოხდა. მოქალაქეები 14 დღის განმავლობაში სამედიცინო დაკვირების ქვეშ დარჩებიან, თუმცა,მათ ჩამოსვლას ადგილობრივთა ნაწილი აგრესიით დახვდა.

ნოვი სანჟარის მცხოვრებთა ნაწილი ევაკუირებულ მოქალაქეთა ავტობუსს დახვდა და ქვები დაუშინა. უკრაინული UNIAN წერს, რომ სამართალდამცველებმა 24 ადამიანი დააკავეს მასობრივი არეულობის მოწყობის ბრალდებით.

„კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა: ეს ადამიანები ჩვენი თანამოქალაქეები არიან, ისინი უცხოები არ არიან ჩვენთვის. ჩვენ ვცხოვრობთ ერთ ქვეყანაში და ჩვენ ვალდებულნი ვართ მათ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე ვიზრუნოთ.

ის, რაც მოხდა არის პანიკა და ერთმანეთის გაუთვალისწინებლობა, გამოვლენილმა ნეგატიურობამ და აგრესიამ ჩემზე დიდი ზეგავლენა იქონია,“ – წერს სკალეტსკა და იმედოვნებს, რომ მისი საქციელი სიტუაციის დაწყნარებაში წვლილს შეიტანს.

მასალების გადაბეჭდვის წესი