ახალი ამბებიტექნოლოგიები

ლარი ტესლერი, Copy-სა და Paste-ის ფუნქციების შემქმნელი, გარდაიცვალა

21 თებერვალი, 2020 •
ლარი ტესლერი, Copy-სა და Paste-ის ფუნქციების შემქმნელი, გარდაიცვალა

ლარი ტესლერი, კომპიუტერული მეცნიერებების პიონერი, რომელმაც cut (კოპირება და წაშლა), copy (კოპირება) და paste-ის (ჩასმა), ასევე search-ისა (ძებნა) და replace-ის (ჩანაცვლება) ფუნქციები გამოიგონა, 74 წლის ასაკში გარდაიცვაალა.

CNN წერს, რომ ტესლერი კომპიუტერული მეცნიერების სამყაროში ისეთივე ცნობილი გამომგონებელი არ ყოფილა, როგორებიც ბილ გეიტსი და სტივ ჯობსი არიან, თუმცა ცენტრალური როლი ითამაშა იმ საქმეში, რომ კომპიუტერით სარგებლობა შესაძლებელი გახდა ყველასთვის, ანუ იმ ადამიანებისთვის, ვისაც შესაბამისი ხარისხი არ ჰქონდა კომპიუტერულ ინჟინერიაში.

კომპანია Xerox-მა, ვისთვისაც ტესლერი მუშაობდა და სადაც ზემოხსენებული ფუნქციები შექმნა, მისი გარდაცვალების შესახებ ტვიტერზე დაწერა:

“თქვენი სამუშაო დღეს უფრო გამარტივებულია მისი რევოლუციური იდეების გამო”.

Cut, copy, paste, search და replace ფუნქციები ყოველდღიურად მილიონობით ჯერზე გამოიყენება ისე, რომ მომხმარებლები არ ფიქრობენ, როგორ შეიქმნა ისინი ან ვის მიერ. ტესლერის გამოგონებამდე კომპიუტერის მომხმარებლებს ტლანქ პროგრამებთან ინტეგრირება უწევდათ, სადაც ერთი ბრძანება სხვადასხვა რაღაცას აკეთებდა. ტესლერმა ეს პრობლემად მიიჩნია და მისი გადაჭრის გზებზე დაიწყო მუშაობა.
დღღეისათვის ქსეროქსი ასლების შექმნითაა ცნობილი, თუმცა თავის დროზე ამ კომპანიამ არაერთი ისეთი რამ გამოიგონა, რამაც საბოლოო ჯამში, პერსონალურ კომპიუტერამდე მიგვიყვანა, მათ შორის არის ე.წ. მაუსი.
ტესლერი 1980 წელს სამუშაოდ ეფლში გადავიდა, სადაც 1997 წლამდე იმუშავა. 2001 წელს მუშაობა ამაზონში გააგრძელა. 2005 წელს კი Yahoo-ს შეუერთდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი