ახალი ამბები

გომელაური: სუს-ის პრიორიტეტი საქართველოში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების გამოვლენა იქნება

22 ივლისი, 2015 • 1246
გომელაური: სუს-ის პრიორიტეტი საქართველოში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების გამოვლენა იქნება

”მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ის არ გახლავთ იმ ძველი პრაქტიკის გაგრძელება, რომელიც ახლო წარსულში უშიშროების სამინისტროს სახით არსებობდა. სხვაობას მთავრობისაგან დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი, პოლიტიკური ზეგავლენისაგან დაცული სამსახურის ხელმძღვანელი და გარე მაკონტროლებლის ქმედითი მექანიზმების ჩამოყალიბება წარმოადგენს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობა განხორციელდება იმგვარად, რომ თანაბრად იყოს დაცული როგორც სახელმწიფო უსაფრთხოება, ისე ადამიანის ძირითადი უფლებები,”- აცხადებს გომელაური.

 

გომელაურის თქმით, საქართველოს დამოუკიდებელი, დეპოლიტიზებული, პროფესიონალიზმის ნიშნით დაკომპლექტებული და ანგარიშვალდებულების მაღალი ხარისხის მქონე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეყოლება; საპარლამენტი კონტროლი კი გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას უზრუნველყოფს. 

 

”ძალზედ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი არ წარმომადგენს მთავრობის წევრს და პოლიტიკური თანამდებობის პირს. მისი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდს არ ემთხვევა არც საარჩევნო და არც მთავრობის უფლებამოსილების ვადები,”- ამბობს ვახტანგ გომელაური 

 

მისი განცხადებით, უსაფრთხოების სამსახურის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, სახელმწუფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა; დაკისრებული მოვალეობების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გაერთიანებულია კონტრდაზვერვისა და ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტები, კონტრტერორისტული ცენტრი, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და ანტიტერორისტული სააგენტოები. 

 

”ერთმანეთისგან გამიჯნულია შიდა და საგარეო დაზვერვა. უსაფრთხოების სამსახურს მხოლოდ შიდა დაზვერვის განხორციელება ეკისრება”

 

გომელაურის თქმით, უსაფრთხოების სამსახურის პრიორიტეტული მიმართულებები იქნება:

 

”ქვეყნის წინაშე მდგარი საფრთხეების შესახებ გადაწყვეტილების მიმღები პირების ზუსტი და დროული ინფორმაციით უზრუნველყოფა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოში მოქმედი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების კონკრეტული ამოცანების, გეგმების, სადაზვერვო შესაძლებლობებისა და ოპერაციების გამოვლენას და აღკვეთას. პრიორიტეტულ მიმართულებას განეკუთვნება ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სტრუქტურებში, შეიარაღებულ ძალებსა და სახელისუფლო რგოლებში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებში შეღწევის პრევენცია, მათი საქმიანობის გამოვლენა და ნეიტრალიზაცია. ასევე, ეკონომიკური შპიონაჟის წინააღმდეგ ბრძოლა. 


განხორციელებული ცვლილებების ერთ-ერთ სიახლეს წარმოადგენს უშიშროების საკითხებში ოფიცრის, ე.წ. ოდეერის ინსტიტუტის გაუქმება. საერთაშორისო გამოცდილებით გათვალისწინებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საიდუმლო ინფორმაციის, სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტების დაცულობას, მათ წინააღმდეგ მიამრთული სადაზვერვო, შესაძლო დივერსიული საქმიანობის, ტერორისტული საფრთხეების გამოვლენას და აღკვეთას. დაიხვეწება მათთან აღნიშნულ სფეროში თანამშრომლობის მექანიზმები.


ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში პრიორიტეტბს განეკუთვნება ტერორისტული საფრთხეების პრევენცია, მათი ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და აღკვეთა. ასევე, ტერორისტების ფინანსური და მატერიალურ რესურსების შეზღუდვა. ტერორისტული საფრთხეების შესაბამისად გაუმჯობესდა მათზე მზადყოფნისა და რეაგირების შესაძლებლობები, გაგრძელდება კონტრტერორისტული დანაყოფების სათანადო აღჭურვა და გადამზადება. ტერორიზმის აღმოფხვრისა და პრევენციის მიზნით ყურადღება უნდა დაეთმის ჩვენი თანამოქალაქეების რადიკალიზაციისა და ტერორისტულ საქმიანობაში ჩაბმის პრევენციას, რისთვისაც აუცილეებელია ექსტრემისტული რიტორიკისა და იდეოლოგიის გავრცელების ხელის შეშლა. დღეს გლობალური ტერორისტული საფრთხის ერთ-ერთი გამოვლინება ე.წ. ისლამური სახელმწიფო, რომელიც საქართველოსთვის იმავე საფრთხის მატარებელია, რაც სხვა სახელმწიფოებისთვის.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა იქნება მასობრივი განადგურების იარაღის მასალებისა და მათი გადატანის საშუალებების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა. მათი ცალკეული სახელმწიფოების ტერორისტებისა და სხვადასხვა დაჯგუფებების ხელში მოხვედრის თავიდან აცილება. საფრთხის შემცველია ოკუპირებული რეგიონების არსებობა, რაც ხელსაყრელ გარემოებას ქმნის საერთაშორისო ტერორიზმისა და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებისთვის, განსაკუთრებით, მასობრივი განადგურების იარაღის შესაქმნელად აუცილებელი კომპონენტების უკანონო ბრუნვისთვის.

 

ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას. ჩვენი ანტიკორუფციული საქმიანობის ძირითად პრიორიტეტებს საჯარო სამსახურში კორუფციის, მათ შორის, ელიტური კორუფციის პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა წარმოადგენს. გაიზრდება შსს-ს სპეციალური მომზადების ცენტრის საგანმანათლებლო შესაძლებლობები.”


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე ვახტანგ გომელაური პრემიერმა წარადგინა. იგი თანამდებობას დაიკავებს იმ შემთხვევაში, თუკი პარლამენტი უმრავლესობით მხარს დაუჭერს. 


ვახტანგ გომელაური საკომიტეტო მოსმენაზე უსაფრთხოების სამსახურის ხედვას წარადგენს
ვახტანგ გომელაური საკომიტეტო მოსმენაზე უსაფრთხოების სამსახურის ხედვას წარადგენს

მასალების გადაბეჭდვის წესი