ახალი ამბებიტექნოლოგიები

კიბერშეტევა საქართველოზე – მოკლედ ახსნილი

20 თებერვალი, 2020 • 17432
კიბერშეტევა საქართველოზე – მოკლედ ახსნილი

საქართველოს, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის კვალდაკვალ, არაერთმა სახელმწიფომ მწვავედ გააკრიტიკა რუსეთის ფედერაცია და მისი სამხედრო დაზვერვა (გრუ) საქართველოში განხორიელებული კიბერშეტევის გამო. რუსეთმა ბრალდება უარყო. „ნეტგაზეთი“ ამ ამბის მოკლე შეჯამებას გთავაზობთ.

რა ხდება?

2019 წლის შემოდგომაზე ათასობით ქართულ საიტზე — მათ შორის პრეზიდენტის, სასამართლოების, საკრებულოების ვებგვერდებზე — მასშტაბური კიბერშეტევა მოეწყო.

არაერთი საიტიდან ორიგინალური კონტენტი გაქრა და გამოჩნდა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტო, წარწერით I’ll be back („მე დავბრუნდები“ — ფრაზა „ტერმინატორიდან“).

ამავე პერიოდში ზოგიერთი ტელევიზიის, მათ შორის „მაესტროს“ და ტვ „პირველის“ სერვერებზე კიბერშეტევის შემდეგ მუშაობა შეფერხდა.

ამ საქმეზე მალევე დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება. პირველად განცხადებაში უწყება მხოლოდ იმას წერდა, რომ „შესაძლოა, კიბერშეტევა განხორციელდა როგორც ქვეყნის შიგნიდან, ასევე, უცხო ქვეყნიდან“.

თუმცა, როგორც ჩანს, გამოძიებაში საერთაშორისო აქტორები, მათ შორის გაერთიანებული სამეფო, ჩაერთნენ და რამდენიმე თვის შემდეგ, 2020 წლის 20 თებერვალს ოფიციალური შედეგები ერთობლივად გამოაქვეყნეს.

რა დაადგინა გამოძიებამ?

კიბერთავდასხმის გამოძიების შესახებ ამ ეტაპზე ყველაზე მეტი დეტალი დიდი ბრიტანეთის მხარეს აქვს გამოქვეყნებული.

გაერთიანებული სამეფო იუწყება, რომ მათმა ეროვნული კიბერუსაფრთხოების ცენტრმა (NCSC-მა) 95%-ზე მეტი ალბათობით დაადგინა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს (GRU/გრუ-ს) კავშირი კიბერთავდასხმასთან.

შესაბამისად, NCSC-ის დასკვნისა და ზოგადი კონტექსტის გათვალისწინებით, გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ პასუხისმგებლობა გრუ-ს დააკისრა. იგივე გადაწყვეტილება მიიღო საქართველომაც.

კიბერშეტევები არაერთმა აქტორმა — აშშ-მა, ბრიტანეთმა და სხვა არაერთი ქვეყნის საგარეო უწყებამ — გააკრიტიკა და შეაფასა, როგორც „მტრული და დესტაბილიზაციის გამომწვევი გრძელვადიანი კამპანიის“ გაგრძელება, რომელსაც რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ახორციელებს.

რა ვიცით თავდამსხმელების შესახებ?

ღია წყაროებში გრუ-ს იმ კიბერპროგრამას („მალვეარს“, ანუ მავნე პროგრამას), რომელსაც აღნიშნულ კიბერშეტევას უკავშირებენ, მოიხსენიებენ ხოლმე, როგორც „სენდვორმი“ (Sandworm Team), „ბლექენერჯი“ (BlackEnergy), „ტელებოტები“ (Telebots) და „ვუდუბიარი“ (VoodooBear);

გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ცნობით, ამ პროგრამას ხელმძღვანელობს გრუ-ს სპეციალური ტექნოლოგიების მთავარი ცენტრი, რომელსაც ხშირად მოიხსენიებენ საფოსტო ნომრით 74455.

მათი ცნობითვე, ეს გრუ-ს მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი კიბერშეტევის პირველი მაგალითია 2017 წლის შემდეგ.

რით არის გრუ-ს ეს განყოფილება ცნობილი?

სხვა ცნობილი „მალვეარები“, რომელთა გამოყენებასაც გრუ-ს აღნიშნულ განყოფილება უკავშირებენ, არის:

  • „ბლექენერჯი“ — 2015 წლის დეკემბერში უკრაინული ელექტროსისტემა გაითიშა, 6 საათამდე დროით ელექტროენერგია შეუწყდა 230 000-მდე ადამიანს;
  • „ინდუსტროიერი“ (Industroyer) —თავდასხმაც უკრაინაში მოხდა 2016 წლის დეკემბერში. ქალაქ კიევის მეხუთედს ელექტორენერგია ერთი საათით შეუწყდა. ეს არის პირველი „მალვეარი“, რომელიც სპეციალურად ელექტრონული სისტემის გასათიშად გამოიყენეს;
  • NotPetya (ანუ „არა პეტია) — 2017 წლის ივნისის კიბერშეტევა უკრაინის ფინანსურ, ენერგო და სამთავრობო სექტორებზე, რამაც რუსულ და ევროპულ ბიზნესებზე იქონია გავლენა;
  • BadRabbit (ანუ „ცუდი კურდღელი“) — 2017 წელს მორიგი თავდასხმაც უკრაინაში განხორციელდა კიევის მეტროზე, ოდესის აეროპორტზე, რუსეთის ცენტრალურ ბანკსა და ორ რუსულ მედიასაშუალებაზე;

გამოხმაურებები

გამოძიების დასრულებას არაერთ ქვეყნის საგარეო უწყება გამოეხმაურა და მხარდაჭერა აღუთქვა საქართველოს: ნორვეგია, დანია, ლიეტუვა, პოლონეთი, ნიდერლანდები, ავსტრალია და სხვები.

საქართველოს მხარდაჭერა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომაც გამოხატა და ტვიტერზე დაწერა: „რუსეთმა დაუყონებლივ უნდა შეწყვიტოს მსგავსი ქმედებები საქართველოში და სხვაგანაც“.

ყველა გამოხმაურება ერთად იხილეთ აქ:

საერთაშორისო გამოხმაურებები საქართველოში კიბერთავდასხმაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი