ახალი ამბები

დონალდ ტუსკი ხურვალეთში ახალი სადემარკაციო ნიშნების სანახავად ჩავიდა

21 ივლისი, 2015 •
დონალდ ტუსკი ხურვალეთში ახალი სადემარკაციო ნიშნების სანახავად ჩავიდა

დონალდ ტუსკი საქართველოს გუშინ, 20 ივლისს ეწვია. გუშინვე საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროპული  საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა ევროკავშირისა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგის პრიორიტეტები იყო. საუბარი შეეხო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. ტუსკი დღეს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება. 


“ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს ტერიტორული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხმარდაჭერას. ჩვენ გვინდა მაქსიმალურად ავამუშაოთ დიპლომატიური ძალისხმევა. ხვალ მე ვეწვევი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ადმინისტრაციულ საზღვარს სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთთან, რათა კიდევ ერთხლ შევაფასო სიტუაცია ახალი დემარკაციული ნიშნების აღმართვასთან დაკავშირებით. მე საქართველოში ვიმყოფები იმიტომ, რომ თქვენი ქვეყანა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. შეიძლება ევროპა ყველაფერს არ გაძლევთ, რისი მიღების სურვილი გაქვთ, მაგრამ ევროპა ძალიან ცდილობს”,- განაცხადა გუშინ, მარველაშვილთან შეხვედრისას დონალდ ტუსკმა.


11 ივლისს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა, რომლებიც საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო თანამეგობრობის შეფასებით, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს წარმოადგენს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბნისა და ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები აღმართეს.

დონალდ ტუსკი საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ეცნობა
დონალდ ტუსკი საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ეცნობა

მასალების გადაბეჭდვის წესი