ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ფაშინიანმა ჯარში სიკვდილიანობის ზრდის ფონზე ორი გენერალი დაითხოვა

20 თებერვალი, 2020 • 1500
ფაშინიანმა ჯარში სიკვდილიანობის ზრდის ფონზე ორი გენერალი დაითხოვა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ორი მაღალი რანგის სამხედრო ფიგურა გაათავისუფლა თავდაცვის სამინისტროდან მას შემდეგ, რაც შეიარაღებულ ჯარებში მოსამსახურეების სიკვდილიანობა გაიზარდა.

კერძოდ, 19 თებერვალს ფაშინიანმა დაითხოვა გენერლები — სამხედრო პოლიციის უფროსი არტურ ბაღდასარიანი და არმიის საკადრო განყოფილების უფროსი ალექსან ალექსანიანი.

პრემიერმა ორი დღის წინ, 17 თებერვალს, ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებთან არმიაში არსებული სიტუაცია განიხილა.

მხოლოდ 2020 წელს სომხეთის არმიაში 13 ჯარისკაცი დაიღუპა სხვადასხვა მიზეზით. ზოგს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, ზოგმა კი თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. ამ რიცხვში არ შედიან ყარაბაღის კონფლიქტში დაღუპულები.

თუმცა ადგილობრივ მედიაში ბაღდასარიანის გათავისუფლების სხვა შესაძლო მიზეზზეც საუბრობენ: მაგალითად, გაზეთ „ჟოღოვურდის“ ვარაუდით, ბაღდასარიანს, რომელიც წინა პრემიერმა/პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა დანიშნა 2017 წელს, 2018 წლის მშვიდობიანი დემონსტრაციებისას ძალის გამოყენებას აპირებდა. დემონსტრაციებს ნიკოლ ფაშინიანი ხელმძღვანელობდა.

ფაშინიანმა ცოტა ხნის წინ გაათავისუფლა ეროვნული უშიშროების ხელძღვანელი არტურ ვანეციანი და პოლიციის უფროსი ვალერი ოსიპიანი.

ვანეციანმა, რომელიც 2018 წლის მშვიდობიანი რევოლუციის შემდეგ თავად ფაშინიანმა დანიშნა, მედიაში გაავრცელა კრიტიკული წერილი, სადაც პრემიერ-მინისტრის მუშაობის მეთოდებს აკრიტიკებს.

წყარო: Reuters

მასალების გადაბეჭდვის წესი