ახალი ამბები

თბილისში ჩამოვიდა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის დირექტორი

19 თებერვალი, 2020 • 1780
თბილისში ჩამოვიდა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის დირექტორი

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტი იუწყებიან, რომ სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის დირექტორი კრის სოჩა თბილისს ეწვია, შეხვედრები გამართა და ქვეყნის ლიდერებთან „საქართველოს დემოკრატიისა და მმართველობის შესუსტების პრობლემებზე“ ისაუბრა.

„ის შეხვდა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, მთავრობის სხვა წარმომადგენლებს, პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის წევრებს, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საქართველოში არსებული პოლიტიკური გარემოს განსახილველად“, — წერია განცხადებაში.

საელჩოს თანახმად, ყველა შეხვედრაზე ბატონმა სოჩამ „ხაზი გაუსვა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი“.

პრესრელიზის თანახმად, კრის სოჩამ შეხვედრებზე კონკრეტულად წამოჭრა საკითხი რუსეთის მიერ უკანონოდ ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებულ ვითარებაზე.

ამასთან, მათი ცნობით, კრის სოჩამ ლიდერებთან შეხვედრებზე ისაუბრა „საქართველოს დემოკრატიისა და მმართველობის შესუსტების პრობლემებზე და ჩამოიტანა სენატის კომიტეტის თავმჯდომარის, სენატორ ჯიმ რიშის მკაფიო გზავნილი იმის შესახებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, თუმცა სახელმწიფო ორგანოებმა პატივი უნდა სცენ ყველას პოლიტიკურ უფლებებს და განაგრძონ ანგარიშვალდებულების სისტემის განმტკიცება, რაც უზრუნველყოფს ხელისუფლების ძალაუფლების სათანადო შეზღუდვას“.

მასალების გადაბეჭდვის წესი