ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალში ქართული წამლების აკრძალვაზე ზურაბიშვილი WHO-ს, გაეროს და ევროსაბჭოს მიმართავს

19 თებერვალი, 2020 • 2071
ცხინვალში ქართული წამლების აკრძალვაზე ზურაბიშვილი WHO-ს, გაეროს და ევროსაბჭოს მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლეს კომისარსა და ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს წერილები გაუგზავნა ცხინვალში ქართულწარწერიანი მედიკამენტების აკრძალვასთან დაკავშირებით. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოს პრეზიდენტი წერილებში აღნიშნავს, რომ მედიკამენტების აკრძალვასა და მოხმარებიდან ამოღებას თან ერთვის ის ფაქტი, რომ ჩაკეტილია ახალგორის მიმართულებით გადასასვლელი პუნქტი, რაც პირდაპირ ჰუმანიტარული კრიზისის გამომწვევია.

“აღნიშნული ვითარების გამო რთულ მდგომარეობაშია ჩავარდნილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა, განსაკუთრებით კი, პენსიონერები, ის ადამიანები, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აწუხებთ და მუდმივად მედიკამენტურ მკურნალობას საჭიროებენ”.

სალომე ზურაბიშვილმა კომისრებს მოუწოდა, ყურადღება გაამახვილონ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე და თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში რეაგირება მოახდინონ გადასასვლელი პუნქტის გახსნაზე.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მილიციამ, ოფიციალური ინფორმაციით, რეიდების დროს აფთიაქებიდან ქართული წარმოების მედიკამენტები ამოიღო.

ოსური მედიის ცნობითვე, ქართული წარმოების მედიკამენტებს შორის იყო პრეპარატი “კორსიზი”, “სტრეპტოციდი”, “ დურომაქსი” და ა.შ.

რა გზებით ხვდებოდა ქართული წარმოების წამლები ცხინვალში, ამის შესახებ ოსური მხარე არ საუბრობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი