ახალი ამბები

აშშ-მა შავ სიაში შეიყვანა რუსული „როსნეფტის“ შვილობილი ფირმა

19 თებერვალი, 2020 • 1486
აშშ-მა შავ სიაში შეიყვანა რუსული „როსნეფტის“ შვილობილი ფირმა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შავ სიაში შეიყვანა რუსეთის სახელმწიფო ნავთობკორპორაცია „როსნეფტის“ შვილობილი ფირმა.

ამ გადაწყვეტილებით აშშ-ში „გაიყინება“ კომპანიის ყველა ანგარიში და აქტივი. საუბარია Rosneft Tradin SA-ზე, რომელიც შვეიცარიაშია დარეგისტრირებული, თუმცა რუსულ სახელმწიფო კომპანია როსნეფტს ეკუთვნის. სანქციები ეკისრება ფირმის თავმჯდომარე დიდიე კასიმიროსაც.

როგორც BBC წერს, აშშ ამ ნაბიჯით ფინანსურ ზეწოლას ზრდის ვენესუელაზე: ფირმას ბრალს სდებენ, რომ ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს ეხმარება აშშ-ის მიერ დაკისრებული სანქციებისგან თავის არიდებაში. აშშ-ს სანქციები აქვს დაკისრებული ვენესუელის ნავთობის ინდუსტრიისათვის.

აშშ არალეგიტიმურად ცნობს პრეზიდენტ მადუროს რეჟიმს და მას კორუფციასა და სისასტიკეში სდებს ბრალს.

ნავთობი ვენესუელის ეკონომიკის ძირითადი მამოძრავებელი ძალაა და საექსპორტო შემოსავლები თითქმის სრულად ამ ინდუსტრიიდან მოდის. თუმცა ბოლო წლებში ქვეყანა ღრმა ეკონომიკურ კრიზისშია.

ამასთანავე, აშშ მხარს უჭერს ოპოზიციის ლიდერ ხუან გუაიდოს, რომელმაც 2019 წლის იანვარში თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. ის პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც გუაიდოს ლეგიტიმაცია აღიარა.

ვენესუელის ოპოზიციის ლიდერს დროებით პრეზიდენტად საქართველოც აღიარებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი