ახალი ამბებიკომენტარი

რატომ არ აქვს საქართველოს დასავლეთის კრიტიკის უგულებელყოფის ფუფუნება

19 თებერვალი, 2020 • 4499
რატომ არ აქვს საქართველოს დასავლეთის კრიტიკის უგულებელყოფის ფუფუნება

რა ტიპის გამოწვევაა ხელისუფლებისთვის კრიტიკა დასავლეთიდან, რასაც ბოლოს პერიოდში ვისმენთ, როგორი იყო “ქართული ოცნების” პასუხები არსებულ გამოწვევებზე და როგორ შეიძლება გაგრძელდეს ეს პროცესები?


ხელისუფლებაში ყოფნის 8 წლისთავზე „ქართული ოცნება“ პირველად აღმოჩნდა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან იმ მასშტაბის ღია კრიტიკისა და წნეხის წინაშე, რაც მოჰყვა ბიძინა ივანიშვილის დაპირებულ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის რეფორმის ჩაგდებას და განსაკუთრებით გამწვავდა გიგი უგულავას დაპატიმრებით. საქართველოს ხელისუფლება სასამართლოს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გამოყენებაში დაადანაშაულეს ამერიკელმა კონგრესმენებმა- როგორც რესპუბლიკური, ისე დემოკრატიული პარტიიდან- და ევროპარლამენტარებმა თითქმის ყველა პოლიტიკური ჯგუფიდან, „ქართული ოცნებისვე“ პარტნიორი სოციალისტებისა და დემოკრატების ჩათვლით. განცხადებები გააკეთეს ევროკავშირმა, ევროპარლამენტმა, ევროპის რიგი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ასევე, აშშ-ის, ბრიტანეთისა და ევროკავშირის საელჩოებმა საქართველოში.

დაძაბულობამ პიკს მიაღწია 13 თებერვალს სტრასბურგში, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მე-9 სხდომაზე, სადაც მხარეები პირველად ვერ შეთანხმდნენ ერთობლივი განცხადების ტექსტზე.

„ძალიან გულნატკენი ვარ. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ამდენი ოფიციალური და არაოფიციალური დისკუსიების შემდეგ მათ ვერ გაიგეს სიტუაცია და ის, თუ როგორი აღქმაა ევროკავშირსა და ევროპარლამენტში. ახლა „ქართულ ოცნებაზეა“ დამოკიდებული, გააცნობიეროს შექმნილი სიტუაცია და შეცვალოს მიდგომა. ამ სიტუაციაზე პასუხისმგებელია ბიძინა ივანიშვილი. სამწუხაროდ, ის აზიანებს საქართველოს ევროპულ გზას”, – განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა „ევროპის სახალხო პარტიიდან” რასა იუკნევიჩიანემ.

მმართველ გუნდში საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკაზე რამდენიმეგვარი პასუხი ჰქონდათ:

  • პირველი – რომ ისინი არასათანადოდ არიან ინფორმირებული და სწორი კომუნიკაციით მიაწვდიან რეალურ ცნობებს; ამასთან, საკუთარი ნარატივის ადვოკატირებისთვის “ოცნებამ” აშშ-ში ახალი ლობისტური კომპანიები დაიქირავა.
  • მეორე – უგულავას საქმეზე ფაქტების დამდგენი მისიის მოწვევა ევროპარლამენტიდან;
  • ზოგიერთმა დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობიდან კი თქვა, რომ ვერც ერთი კონგრესმენი ვერ გვასწავლის საქართველოში არსებულ ვითარებას და ასეთი ინტენსივობით სუვერენული ქვეყნის საქმიანობაში ჩარევა მიზანშეწონილი არ არის. პარტიის ლიდერშიპი ამ ტიპის განცხადებებს ჯერჯერობით არ გამიჯვნია.

ევროპარლამენტის კიდევ ერთი დეპუტატ მარკეტა გრეგოროვას თქმით, ასოცირების საპარლამენტო კომიტეტზე რეზოლუციის ჩავარდნა „არის სიგნალი „ქართული ოცნებისთვის” და არა – ქართველი ხალხისთვის”.

საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ სწორედ ქართველი ხალხი არის და იქნება მისი პრიორიტეტი, განსხვავებით ოპოზიციისგან, რომელიც „წინასაარჩევნო კამპანიას ძირითადად საზღვარგარეთ ახორციელებს”.

შეიძლება თუ არა, „ქართული ოცნების” ხელისუფლებამ უგულებელყოს დასავლეთის განწყობა და რა ფასს გადაიხდის ასეთ შემთხვევაში საქართველო?

საგარეო პოლიტიკის ექსპერტები შექმნილ სიტუაციას „საკმაოდ სახიფათოს” უწოდებენ და ამბობენ, რომ მმართველი გუნდის ნაბიჯები საერთაშორისო კრიტიკის საპასუხოდ საკმარისი არ არის: ლობისტებს შეუძლიათ ქვეყნის პროფილის უკეთ წარმოჩენა, მაგრამ ისინი ვერავის დაარწმუნებენ, რომ „ოცნებამ” შეასრულა პირობა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, განახორციელა მართლმსაჯულების წარმატებული რეფორმა ან ძალოვანი და უსაფრთხოების სტრუქტურები არიან დეპოლიტიზებულები, ამიტომ შიდა პოლიტიკის ცვლილების გარეშე საერთო სურათი არ შეიცვლება.

„რეალურად, არსებული ნეგატიური მხარეების დამალვა შეუძლებელი იქნება. ევროკავშირში არ მოხდება ამ სიტუაციის განმუხტვა, სანამ საქართველოს მხრიდან შესაბამის რეაგირებას არ ექნება ადგილი. რეაგირება კი გულისხმობს პოლიტიკის ცვლილებას იმ საკითხებში, რომელიც ყველაზე დიდი შეშფოთების საფუძველს წარმოადგენს: სასამართლო რეფორმა და საარჩევნო გარემო”, – ამბობს „ნეტგაზეთთან” საუბარში „რონდელის ფონდის” ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი.

იგი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან შიდა პოლიტიკის ცვლილების ნება არ ჩანს და ამიტომაც ჩავარდა ერთობლივი დეკლარაცია და იმიტომაც არის ასეთი რეზონანსი შეერთებული შტატებიდან. ამასთან, კახა გოგოლაშვილის აზრით, მმართველი გუნდის დეპუტატები, რომლებიც საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაზე აპელირებენ, ქვეყნის ე.წ. სუვერენული დემოკრატიისა და იზოლაციისკენ უბიძგებენ, რაც დამღუპველი იქნება.

„რუსეთსაც უჭირს საერთაშორისო კრიტიკის და სანქციების პირობებში. იზოლირებული ქვეყნის მაგალითია ჩრდილოეთ კორეა და კარგად იცით, რა პრობლემების წინაშე დგას. ჩინეთიც კი, რომელიც უზარმაზარი სახელმწიფოა, როცა მიხვდა, კარგს არაფერს მოუტანდა, იზოლაციიდან გამოსვლა დაიწყო, რასაც მოჰყვა მისი განვითარება. ასე იყო ალბანეთი გარკვეული პერიოდის განმავლობაში. საქართველო არ არის თვითკმარი სახელმწიფო, მისი ეკონომიკა სუსტია. ჩვენნაირ პატარა ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ აბსოლუტურად იზოლირებულად მიიღოს გადაწყვეტილებები, რომელსაც ვერავინ შეუფასებს, ვერ გააკრიტიკებს და ვერ შეაცვლევინებს აზრს”, – ამბობს გოგოლაშვილი.

მისი თქმით, საქართველო ჯერ არ არის სრულად დემოკრატიული, მაგრამ დღეს მაინც ძალიან დიდი განსხვავებაა იმ სახელმწიფოს შორის, რომელიც 90-იან წლებში არსებობდა, ეს კი დასავლეთის დახმარების გარეშე არ მოხდებოდა.

„ჩვენი ტრანსფორმაცია კი ზუსტად იმის შედეგია, რომ საერთაშორისო ინსტიტუტები და ჩვენი პარტნიორები მიგვითითებდნენ, ვუსმენდით და ასე ხელი შეუწყვეს ჩვენს განვითარებას. ამაზე უარის თქმა აბსოლუტურად დამღუპველი გზაა, ვინაიდან ჩვენთან ჯერ არ არის იმ დონეზე განვითარებული პოლიტიკური, სოციალური და საზოგადოებრივი ძალები, რომ შეეძლოთ აიძულონ ქვეყნის ხელისუფლება, სწორი გზით იაროს დემოკრატიისკენ. ამას სჭირდება გარედან მონიტორინგი და ხელშეწყობა”, – აცხადებს გოგოლაშვილი.

საქართველოს დემოკრატიულ, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში აშშ-ისა და ევროპის ქვეყნების წვლილი უმნიშვნელოვანესია. მხოლოდ ფინანსური დახმარება, რომელიც საქართველომ 28 წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატებისგან მიიღო, 4 348 400 000 აშშ დოლარია. ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებს შორის, საქართველო აშშ-ის საგარეო და სამხედრო დახმარების მიმღები წამყვანი ქვეყანაა. 2000-იან წლებში ევროპასა და ევრაზიაში, ერთ სულ მოსახლეზე, საქართველო შეერთებული შტატების დახმარების მიმღები ყველაზე მსხვილი ქვეყანა გახდა.

ევროკავშირი ძირითადი დონორი ორგანიზაციაა საქართველოში. 1992 წლიდან დღემდე ევროკავშირის ფინანსურმა დახმარებამ მხოლოდ ორმხრივ ფორმატში 2 მილიარდ ევროს გადააჭარბა. ევროკავშირის დახმარება და სხვადასხვა პროგრამებზე ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით გაიზარდა ასოცირების შეთანხმების გაფორმების შემდეგ. 2017-2020 წლებში ერთიანი ჩარჩო-პროგრამის ფარგლებში საქართველოსთვის გათვალისწინებულია 371-დან 453 მლნ ევრომდე დახმარება შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებებით: ეკონომიკური განვითარება, კარგი მმართველობა, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება, მათ შორის, კანონის უზენაესობისა და უსაფრთხოების კუთხით; ენერგოეფექტურობა, გარემოს დაცვა და კავშირების მხარდაჭერა; მობილობის ხელშეწყობა, მათ შორის, ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის ფარგლებში ვალდებულებების შესრულების მხარდაჭერა; პროფესიული განათლება; სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა და სტრატეგიული კომუნიკაცია.

კახა გოგოლაშვილი არ ელის, რომ ევროკავშირი საქართველოს დახმარებას მთლიანად შეუწყვეტს, ისევე როგორც ეს არ გაუკეთებია მოლდოვის, აზერბაიჯანის ან ბელარუსის შემთხვევაში. თუმცა ევროკავშირთან ურთიერთობის კონტექსტში არსებობს პრინციპი მეტი-მეტისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა, რომელიც უფრო მეტ დემოკრატიულ რეფორმას ახორციელებს, მეტ დახმარებასა და ინტეგრაციას იღებს სხვებთან შედარებით. საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ევროკავშირის „მეტი-მეტისათვის“ ინიციატივის ფარგლებში რეგულარულად იღებს დამატებით ფინანსურ დახმარებას, რომელმაც მთლიანობაში 121 მლნ ევრო შეადგინა.

„რაც ხდება, ძალიან ძლიერ დააზიანებს ჩვენი გაწევრიანების პერსპექტივებს, ევროკავშირთან დაახლოებას და ევროპული პერსპექტივების ახალი მიმართულებების გახსნას”, – ამბობს ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი.

პაატა ზაქარეიშვილი, რომელიც 2016 წლამდე „ოცნების” მთავრობაში სახელმწიფო მინისტრის პოსტს იკავებდა, „ნეტგაზეთთან” იხსენებს, რომ ასეთი წნეხი საქართველოს ხელისუფლებაზე საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მხოლოდ ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის ბოლო წლებში იყო.

ზაქარეიშვილის აზრით, ახლაც, როცა „ქართულმა ოცნებამ” პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დაპირება ჩააგდო, არა მხოლოდ პარლამენტარიზმის დისკრედიტაცია მოახდინა საქართველოში, არამედ ყოველგვარი ნდობა დაკარგა საზღვარგარეთაც. მისივე აზრით, „ქართულ ოცნებას” ამ ნდობის აღდგენის რესურსი და განზრახვა არ გააჩნია. მისივე თქმით, ხელისუფლებამ გადალახა ყველა რუბიკონი და ახლა უბრალოდ დროს წელავს, არჩევნების წინ კი ძალიან ბევრი ფულის დახარჯვა მოუწევს ხმების მოსაზიდად. მისივე შეფასებით, ამ გამოწვევას ვერ გაუძლებს ვერც „ქართული ოცნება”, ისევე, როგორც ეს თავის დროზე ვერ მოახერხეს უფრო გამოცდილმა პოლიტიკოსებმა ედუარდ შევარდნაძისა და მიხეილ სააკაშვილის სახით, და არჩევნებში დამარცხდება.

„თუ ასე არ მოხდა და „ქართული ოცნება” დარჩა ხელისუფლებაში, მაშინ ვიღებთ ძალიან ცუდ სურათს, როცა აღარ იქნება დასავლეთის მხარდაჭერა და შეიძლება, ჩაირთოს რუსული პროექტი. რუსულ პროექტზე ახლაც ბევრს ლაპარაკობენ, მაგრამ, მე მგონი, დღეს არ არის. რუსეთი ჯერ არ ერევა, არავითარ რესურსს არ ხარჯავს, საქართველო თავისით მიექანება ანტიდემოკრატიული უფსკრულისკენ. მოსკოვი ელოდება და თუ საქართველო დემოკრატიისკენ შემოტრიალებას გადაწყვეტს, მხოლოდ მაშინ ჩაერევა, რომ ეს არ მოხდეს. დღეს რაც საქართველოში ხდება, ტიპური ქართული მოვლენაა – ჩვენს ხელისუფლებას არ უნდა დემოკრატია”, – განუცხადა „ნეტგაზეთს” ზაქარეიშვილმა.

პაატა ზაქარეიშვილს ეჭვი ეპარება, რომ საქართველოში რუსულმა პროექტმა გაამართლოს, თუმცა ამბობს, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში „გაგრძელდება საქართველოს აგონია”.

„ვიდრე საქართველოში არ ჩატარდება პირველი არჩევნები პროპორციული სისტემით, მანამდე ქვეყანა იტრიალებს მანკიერ პოლიტიკურ ჭაობში. პრაქტიკულად, “ქართული ოცნება” ქვეყანას განვითარების 7-8 წელს ართმევს, რაც არ უნდა ეპატიოთ. ეს ასევე არის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით დაკარგული წლები. ევროკავშირში გაწევრება შორეული პერსპექტივაა, მაგრამ ნატო-ში გაწევრების ახლო პერსპექტივაც უკან იწევს”, – ამბობს ზაქარეიშვილი.

აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის დირექტორი ლევან ცუცქირიძე არ გამორიცხავს, „ქართულმა ოცნებამ” საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკა რეალურად უგულებელყოს.

„ვშიშობ, „ქართული ოცნების” უმაღლესი ლიდერები შეიძლება ფიქრობდნენ, რომ რაც არ უნდა აკრიტიკონ, შეუძლიათ თავიანთი გზა გააგრძელონ. ეს იგივეა, რომ მათ მიღებული ჰქონდეთ გადაწყვეტილება, ძალაუფლება ნებისმიერ შემთხვევაში შეინარჩუნონ”, – ამბობს ცუცქირიძე.

მისი თქმით, მთავარ საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების გაფუჭება არ არის მხოლოდ რიტორიკული ტერმინი, რომელსაც ოპოზიცია, სამოქალაქო სექტორი იყენებს ხოლმე და ამ მხრივ ქვეყანაში რეალური საფრთხეა.

„ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის, ეკონომიკური წინსვლისთვის, უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ქვეყანა იმსახურებდეს მხარდაჭერას. საქართველო არ არის საუდის არაბეთი, სადაც იქნებოდა სხვა გარემოებები იმისთვის, რომ იგი ყოფილიყო სტრატეგიული ან მნიშვნელოვანი პარტნიორი დასავლეთის ქვეყნებისთვის. საქართველო იმიტომ არის დემოკრატიული ქვეყნების პარტნიორი, რომ იყო ლიდერი დემოკრატიული რეფორმების მხრივ… თუ ჩვენ ეს არ გვექნება, სხვა მეტი არაფერი გაგვაჩნია, რაც შეგვიძლია, საერთაშორისო თანამეგობრობას შევთავაზოთ. ამიტომ ქვეყანა შეიძლება აღმოჩნდეს იმ ვითარებაში, როდესაც დასავლეთში აღარ იქნება კონსენსუსი იმის თაობაზე, რომ საქართველო იმსახურებს მხარდაჭერას. ამიტომაც, ეროვნული ინტერესის საზიანოა, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ ჩნდებოდეს და მძლავრდებოდეს ნეგატიური შეხედულებები”, – განუცხადა „ნეტგაზეთს” ცუცქირიძემ.

ლევან ცუცქირიძე ამბობს, რომ აშშ-თან და ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობების გაუარესება არა მხოლოდ სახელმწიფოს ინტერესში არ არის, დამაზიანებელი იქნება „ქართული ოცნებისთვისაც”.

„ქართული ოცნების” გადარჩენისთვისაც მნიშვნელოვანია ევროპის ქვეყნებთან და აშშ-თან პარტნიორული ურთიერთობები. იცით, ძალიან „რუსეთის საუბარია” ის, რომ ვერც ერთი უცხოელი ვერ გაიგებს, ჩვენს ქვეყანაში რა ხდება და ჩვენს შიდა საქმეებში არ უნდა ჩაერიონ. ეს ვინმემ რუსეთიდან ასწავლა თუ თვითონ „მიხვდნენ”, არ ვიცი, მაგრამ ეს არის სუფთა ასეთი რიტორიკა, რომ ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიას, მაგრამ ეს სუვერენულ დემოკრატიაა, ჩვენებურად ვაშენებთ და ნურავინ ჩაგვერევა. როგორც წესი, ეს არის ხოლმე ძალაუფლების შენარჩუნებისკენ მოწოდებული რიტორიკა. მერე ნელ-ნელა ყველას წარმოაჩენ როგორც შენი ქვეყნის მტერს და ეუბნები ხალხს: გავერთიანდეთ და გადავარჩინოთ ჩვენი იდენტობა და ტრადიციები, იმიტომ, რომ გაფუჭებული დასავლეთი ხელს გვიშლის ამაში – აქეთკენ მიდის ყველაფერი და ეს სახიფათოა ქვეყნისთვისაც და „ქართული ოცნებისთვისაც” პოლიტიკურად”, – ამბობს ცუცქირიძე.

ამასთან, ლევან ცუცქირიძე არ გამორიცხავს, რომ „ქართულ ოცნებას” ევროპის სოციალისტებისა და დემოკრატების პოლიტიკური ოჯახი დაატოვებინონ, რომლის წარმომადგენლებმაც, ასევე, მწვავედ გააკრიტიკეს ხელისუფლების ბოლოდროინდელი ნაბიჯები.

თუმცა ევროპელი სოციალისტების პარტია (PES) მხარს უჭერს უგულავას საქმეზე ევროპარლამენტის ძირითადი პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული ფაქტების დამდგენი მისიის მივლენას საქართველოში. ევროპარლამენტს ამ საკითხზე ოფიციალური პასუხი ჯერ არ გაუცია. უახლოეს პერიოდში საქართველოს ეწვევიან ევროპარლამენტის მომხსენებლები საქართველოს საკითხზე, რომელთა ანგარიშის საფუძველზე, სავარაუდოდ, მარტში ევროპარლამენტი საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების შესახებ რეზოლუციას მიიღებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი