ახალი ამბები

“ბარსას” მენეჯმენტს ტროლების დაქირავებაში ადანაშაულებენ

18 თებერვალი, 2020 • 1121
“ბარსას” მენეჯმენტს ტროლების დაქირავებაში ადანაშაულებენ

საფეხბურთო კლუბი „ბარსელონა“ უარყოფს, რომ კომპანია დაიქირავა თავისსავე ფეხბურთელებზე სოციალურ ქსელებში ნეგატიური კომენტარების გაკეთებისა და კლუბის ხელმძღვანელობის იმიჯის გასაუმჯობესებლად.

ინფორმაციას ამის შესახებ Sky Sports ავრცელებს.

კლუბმა შესაბამისი განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც რადიოსადგურმა Cadena Ser-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კლუბმა მისი ოპონენტებისა და ზოგიერთი ფეხბურთელების დისკრედიტაციისთვის, რომლებიც ხელმძღვანელობის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ, კომპანია დაიქირავა, რომელიც ყალბი ანგარიშებით ოპერირებდა სოციალურ ქსელებში.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ ანგარიშების მიერ გამოქვეყნებულ პოსტებში სამიზნე იყვნენ ლიონელ მესი, ხერარდ პიკე, პეპ გვარდიოლა, კარლეს პუიოლი და ხავი ერნანდესი.

Cadena Ser-ის ცნობით, კლუბმა ეს კამპანია პრეზიდენტ ხოსეპ მარია ბართომეუს იმიჯის დასაცავად მიიღო და ცდილობდა მათ დისკრედიტაციას, ვინც საჯაროდ არ ეთანხმებოდნენ მას. ამავე ცნობის მიხედვით, სამიზნე ასევე იყვნენ პოტენციური საპრეზიდენტო კანდიდატები, ანუ ბართომეუს მომავალი კონკურენტები.

მასალების გადაბეჭდვის წესი