ნეტგაზეთი | “შენნაირმა “პიდარასტმა” როგორ უნდა მასწავლოს ჭკუა” – გამოძიებამ სიძულვილის მოტივი არ დაადგინა “შენნაირმა “პიდარასტმა” როგორ უნდა მასწავლოს ჭკუა” – გამოძიებამ სიძულვილის მოტივი არ დაადგინა – Netgazeti
RU | GE  

“შენნაირმა “პიდარასტმა” როგორ უნდა მასწავლოს ჭკუა” – გამოძიებამ სიძულვილის მოტივი არ დაადგინა

“თანასწორობის მოძრაობის” განცხადებით, საქმეში, რომელსაც ორგანიზაცია აწარმოებდა ლგბტქ თემის წევრის მიმართ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის თაობაზე, არც გამოძიებამ და არც სასამართლომ სიძულვილის მოტივი არ დაადგინა.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, 2019 წლის 15 იანვარს მათ მიმართა თემის წევრმა გ.ზ-მ, რომელიც აცხადებდა, რომ 2018 წლის 3 ნოემბერს მასზე ფიზიკურად იძალადეს იმ დროს, როდესაც თავისი ველოსიპედით მოძრაობდა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე.

“გ.ზ-ს განცხადებით, მოძრაობისას მხარზე მოხვდა უცხო მანქანიდან ნასროლი სიგარეტის კოლოფი. გ.ზ-მ უცნობ მამაკაცს მიუთითა, რომ ქუჩაში ნაგავი არ დაეყარა, რა დროსაც აღნიშნული მამაკაცი გახდა აგრესიული. მისი ყურადღება მიიქცია გ.ზ-ს საყურემ. სიტყვიერი დაპირისპირებისას მამაკაცმა გ.ზ-ს მიმართა შემდეგი სიტყვებით: “შენნაირმა პიდარასტმა როგორ უნდა მასწავლოს ჭკუა”.

მამაკაცი თანდათან აგრესიული ხდებოდა და მის დამშვიდებას გარშემომყოფები ვერ უზრუნველყოფდნენ, ცდილობდა დაერტყა გ.ზ-სთვის, თუმცა გ.ზ-მ თავდაპირველად მოახერხა მისი მოგერიება დარტყმით, ხოლო შემდეგ აღნიშნული მამაკაცი მას ფიზიკურად გაუსწორდა”, – აცხადებენ “თანასროწობის მოძრაობაში”.

ორგანიზაციის თქმით, ორივე ადამიანის, ლგბტ თემის წევრისა და მოძალადის, მიმართ ცალცალკე წარიმართა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მიხედვით, რაც ძალადობას გულისხმობს.

“თანასწორობის მოძრაობის” იურისტები სასამართლო პროცესებზე ამტკიცებდნენ, რომ გ.ზ. იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში და ამიტომ დაარტყა თავდამსხმელს, რაც დანაშაულს არ წარმოადგენს.

“თანასწორობის მოძრაბაში” აღნიშნავენ, რომ იურისტები აყენებდნენ შუამდგომლობას, მოძალადის მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმეში გამოკვეთილიყო სიძულვილის მოტივი გ.ზ-ს მიმართ, თუმცა აღნიშნული მოტივი არ გამოიკვეთა არც გამოძიებისა და ბრალის წარდგენის ეტაპზე და არც სასამართლომ გაითვალისწინა სასჯელის დანიშვნის დროს.

“თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 17 თებერვლის განაჩენით, ლგბტ თემის წევრი გ.ზ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. ხოლო თავდამსხმელს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა დააკისრა. თანასწორობის მოძრაობის იურისტები გაასაჩივრებენ გ.ზ-ს გამამტყუნებელ განაჩენს თბილისის სააპელაციო სასამართლოში”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.