ახალი ამბები

ჰააგის სასამართლომ რუსეთს $50 მლრდ დააკისრა „იუკოსის“ საქმეზე

18 თებერვალი, 2020 • 7154
ჰააგის სასამართლომ რუსეთს $50 მლრდ დააკისრა „იუკოსის“ საქმეზე

ჰააგის სააპელაციო სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოიტანა გადაწყვეტილება და რუსეთის სახელმწიფოს 50 მილიარდი აშშ დოლარის გადახდა დააკისრა „იუკოსის“ საქმის გამო.

ნავთობკომპანია „იუკოსის“ ერთ-ერთი მფლობელი, რუსი მილიარდერი მიხაილ ხოდორკოვსკი იყო.

რა არის „იუკოსის“ საქმე?

„იუკოსის“ საქმე ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმეა ბოლო წლების რუსეთში. „იუკოსი“ ქვეყანაში ყველაზე მსხვილი ნავთობკომპანია იყო, რომლის დამფუძნებელი მიხაილ ხოდორკოვსკი 2000-იან წლებში ფინანსურ დარღვევებში დაადანაშაულეს და დააპატიმრეს.

ამ პროცესის შედეგად კომპანია გაკოტრდა, მისი აქტივები კი სახელმწიფო კომპანია „როსნეფტს“ გადასცეს.

ხოდორკოვსკი 2003 წელს დააპატიმრეს რამდენიმე ბრალდებით, მათ შორის, თაღლითობის, გადასახადებისგან თავის არიდების, დოკუმენტის არაერთხელ გაყალბების, თანხის მითვისების მუხლებით. 2005 წლის მაისში ის რუსეთის სასამართლომ დამნაშავედ ცნო თითქმის ყველა წარდგენილ ბრალდებაში.

ხოდორკოვსკი აცხადებდა, რომ მისი დაკავება პოლიტიკურად იყო მოტივირებული, ბრალდებები — გამოგონილი, და ამ ყველაფრის უკან კრემლი/ვლადიმერ პუტინი იდგა, რომელიც მას დაუმორჩილებლობისთვის სჯიდა.

ბიზნესმენი 10 წლის განმავლობაში იჯდა ციხეში და საპატიმრო 2013 წლის დეკემბრის ბოლოს დატოვა მას შემდეგ, რაც პუტინმა შეიწყალა. მას სასჯელის ვადა ოფიციალურად 2014 წელს უმთავრდებოდა. საპატიმროს დატოვების შემდეგ მან რუსეთი დატოვა.

2014 წელსვე გათავისუფლდა პატიმრობიდან ხოდორკოვსკის ბიზნესპარტნიორი პლატონ ლებედევი.

რა დაადგინა ჰააგის სასამართლომ?

ჰააგის საარბიტრაჟო სასამართლომ რუსეთს „იუკოსის“ ყოფილ მფლობელებისთვის 50 მილიარდი აშშ დოლარის გადახდა 2014 წელს დააკისრა. სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის სახელმწიფომ დაიწყო „სრულმასშტაბიანი თავდასხმა „იუკოსსა“ და მის მფლობელებზე კომპანიის გაკოტრების, მისი ქონების დაუფლებისა და, ამავე დროს, ხოდორკოვსკის პოლიტიკური სცენიდან მოშორების მიზნით“.

2016 წელს ჰააგის კიდევ ერთმა, საოლქო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, საარბიტრაჟო პანელს არ ჰქონდა ამ საქმის განხილვის იურისდიქცია, რადგან საქმე ეფუძნებოდა ხელშეკრულებას ენერგეტიკის სფეროში, რომელიც რუსეთმა მიიღო, თუმცა რატიფიცირებული არ ჰქონია.

დღევანდელი, 2020 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით, ნიდერლანდების სააპელაციო სასამართლომ 2016 წლის ვერდიქტს „არასწორი“ უწოდა და დაადგინა, რომ „არბიტრაჟის გადაწყვეტილება კვლავ ძალაშია“.

შესაბამისად, რუსეთს კვლავ დაეკისრა 50 მილიარდი აშშ დოლარის გადახდა „იუკოსის“ ყოფილი მფლობელებისთვის.

გადაწყვეტილების გასაჩივრება რუსეთის მთავრობას ნიდერლანდების უზენაეს სასამართლოში შეუძლია.


ამ საქმეზე სტრასბურგის სასაამრთლოსაც აქვს გადაწყვეტილება მიღებულ — 2014 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია დაარღვია და მას 1.8 მლრდ ევროს გადახდა დააკისრა ხოდორკოვსკის და ლებედევის სასარგებლოდ.

მასალების გადაბეჭდვის წესი