ახალი ამბები

პუტინმა ხოდორკოვსკი შეიწყალა

20 დეკემბერი, 2013 • • 1309
პუტინმა ხოდორკოვსკი შეიწყალა

ნავთობკომპანია “იუკოსის” ყოფილი ხელმძღვანელის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია დაადასტურეს აღსრულების ფედერალურ ბიუროშიც, თუმცა უკვე დატოვა თუ არა მან კოლონია, ამის თაობაზე ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

 

დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ პუტინმა ხელი მოაწერა ხოდორკოვსკის შეწყალების აქტს: “ჰუმანიზმის პრინციპებიდან გამომდინარე, ვადგენ: შეწყალებულ იქნას მსჯავრდებული მიხეილ ბორისის ძე ხოდორკოვსკი,” – ნათქვამია კრემლის საიტზე გამოქვეყნებულ პრეზიდენტის განკარგულებაში.

 

ხოდორკოვსკიმ ციხეში 10 წელი გაატარა. მას სასჯელის ვადა 2014 წლის აგვისტოში უმთავრდებოდა.


ხოდორკოვსკი 2003 წელს დააპატიმრეს რამდენიმე ბრალდებით, მათ შორის, თაღლითობის, გადასახადების თავის არიდების, დოკუმენტის არაერთხელ გაყალბების, თანხის მითვისების მუხლებით.


2005 წლის მაისში სასამართლომ დამნაშავედ ცნო ხოდორკოვსკი თითქმის ყველა წარდგენილ ბრალდებაში და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო იმავე წლის სექტემბერში საკასაციო სარჩელის დაკმაყოფილების შემდეგ, მისი სასჯელი შემცირდა 8 წლამდე.


2008 წელს გამოძიებამ ახალი ბრალდება წარუდგინა მიხეილ ხოდორკოვსკის ფულის გათეთრების მუხლით, რის გამოც 2010 წელს სასამართლომ მას მიუსაჯა 14 წლის კოლონიაში გატარება, თუმცა შემდეგ სასჯელი 1 წლით შემცირდა. 2012 წლის დეკემბერში კი, მოსკოვის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მისი სასჯელი შემცირდა თავისუფლების აღკვეთით 13-დან 11 წლამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი