ერთ-ერთი საკონსტიტუციო სარჩელით ომარ ჯორბენაძე ითხოვს გაუქმდეს „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის ჩანაწერი მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნასთან დაკავშირებით.
სააპელაციო სასამართლოს განცხადებით, ომარ ჯორბენაძის მოთხოვნა ეყრდნობა საქართველოს კონსტიტუციის 86-ე მუხლის მე-2 პუნქტს: „მოსამართლე თანამდებობაზე განწესდება უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. მოსამართლის უვადოდ განწესებამდე კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს მოსამართლის განწესება განსაზღვრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს 3 წლისა.“ ასევე, ომარ ჯორბენაძე ეყრდნობა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოწოდებულ სტატისტიკას და უთითებს, რომ 2013 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ რაც ამოქმედდა კონსტიტუციის მითითებული ჩანაწერი, დანიშნული 46 მოსამართლიდან ყველა გადის მოსაცდელ ვადას, ხოლო უვადოდ არ დანიშნულა არცერთი მათგანი, მათ შორის, არც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე. აღსანიშნავია, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონი არ ითვალისწინებს წესს, თუ როგორ უნდა დაინიშნოს მოსამართლე უვადოდ.
”კანონი მხოლოდ გამოსაცდელი ვადით დანიშვნის შესაძლებლობას იძლევა. ამრიგად, ომარ ჯორბენაძე ასკვნის, რომ პრაქტიკაში კონსტიტუციის ძირითადი წესი, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შესახებ, ანულირებულია, ხოლო გამონაკლისი, გამოსაცდელი ვადით დანიშვნასთან დაკავშირებით, იქცა ერთმნიშვნელოვან მოთხოვნად.”
მეორე საკონსტიტუციო სარჩელით ომარ ჯორბენაძე ითხოვს გაუქმდეს კანონი „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“. სააპელაციო სასამართლოს ცნობით, ომარ ჯორბენაძე უთითებს, რომ მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ ე.წ. „ჩვეულებრივი“ კანონის ნაცვლად უნდა არსებობდეს ორგანული კანონი, რადგან საქართველოს კონსტიტუციის 86-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-3 წინადადების თანახმად: „მოსამართლეთა შერჩევის, დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების წესი განისაზღვრება კონსტიტუციითა და ორგანული კანონით.“
სააპელაციო სასამართლო აცხადებს, რომ ომარ ჯორბენაძის მითითებით, ორგანული კანონის ნაცვლად ე.წ. „ჩვეულებრივი“ კანონის არსებობა არღვევს კონსტიტუციის მოთხოვნას, რომ მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლების წესი სავალდებულოა განისაზღვროს ორგანული კანონით. აღსანიშნავია, რომ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ორგანული კანონი ნორმატიული აქტების იერარქიაში უფრო მაღლა დგას, ვიდრე ე.წ. „ჩვეულებრივი“ კანონი. შესაბამისად, მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლების წესის ორგანული კანონით დარეგულირება უზრუნველყოფს მოსამართლეთა დამოუკიდებლობის უფრო მაღალ ხარისხს. ამასთან, ომარ ჯორბენაძე დამატებით აღნიშნავს, რომ შეუსაბამოა მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნის წესს არეგულირებდეს ორგანული კანონი (ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“), ხოლო გათავისუფლების წესს იერარქიულად უფრო დაბლა მდგომი ე.წ. „ჩვეულებრივი“ კანონი.