აზერბაიჯანის დედაქალაქში გამართულ ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე პოლიციამ ათეულობით ოპოზიციონერი და მათი მხარდამჭერი დააკავა, აქციის ტერიტორიას ქალაქგარეთ ავტობუსებით გაარიდა და შემდეგ გაათავისუფლა. აქციიდან მოქალაქეები პოლიციამ ძალის გამოყენებით გაიყვანა.
ოპოზიცია 2020 წლის 9 თებერვლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდა და უკანონოდ აღიარებას მოითხოვდა. არჩევნების შედეგებით, პროსახელისუფლებო კანდიდატებმა მილი მეჯლისში მანდატების უმრავლესობა მოიპოვეს.
ვიდეო: “კავკაზსკი უზელ”
ოპოზიციის ინფორმაციით, ჯერ კიდევ აქციის დაწყებამდე პოლიციამ დააპატიმრა ოპოზიციის ლიდერები: ილგარ მამედოვი, რუსლან იზეთლი, ბლოგერი მეჰმან ჰუსეინოვი და ილვი ჰასანლი, ხოლო უკვე უშუალოდ აქციის მიმდინარეობისას – პარტია “მუსავათის” ლიდერი არიფ გაჯილი და ადვოკატი ნემატ ქერიმლი.
ბაქოს პოლიციის სამმართველოს ოფიციალური ინფორმაციით, აღნიშნული აქცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინ არასანქცირებული იყო.
13 თებერვალს აზერბაიჯანის ცესკომ 9 თებერვლის არჩევნების დროს არსებული დარღვევების ფაქტები განიხილა და ოთხი ოლქის შედეგები გააუქმა. კიდევ 13 ოლქზე საჩივრები კი განსახილველად ოლქებში გადაგზავნა.